„ესოშიეტიდ პრესი“ - დასავლეთ ბალკანეთში ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა კოსოვოსა და სერბეთს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დიალოგის განახლებისკენ მოუწოდეს
„ესოშიეტიდ პრესი“ - დასავლეთ ბალკანეთში ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა კოსოვოსა და სერბეთს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დიალოგის განახლებისკენ მოუწოდეს

დასავლეთ ბალკანეთში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა კოსოვოსა და სერბეთს მოუწოდეს, განაახლონ დიალოგი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

დასავლეთ ბალკანეთში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მიროსლავ ლაიჩაკი და დასავლეთ ბალკანეთში აშშ-ის წარმომადგენელი გაბრიელ ესკობარი ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს მთავრობის ხელმძღვანელ ალბინ კურტის, მოგვიანებით, კი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩს შეხვდნენ. „ესოშიეტიდ პრესის“ წერს, რომ სტუმრებს თან ახლდნენ უმაღლესი დიპლომატები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან, რაც ასახავს დასავლეთის შეშფოთებას ბალკანეთის რეგიონში კრიზისის გამო.

მედიის ცნობით, კურტისთან შეხვედრის დროს დასავლელმა დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კოსოვოს პოლიციაზე შეიარაღებული პირების თავდასხმა არის აშკარა და უპრეცედენტო ესკალაცია, მაგრამ ამავე დროს ხაზი გაუსვეს ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობას.

„სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგი თუ არ იქნება, შეიძლება, განმეორდეს ესკალაცია“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს ჩრდილოეთ კოსოვოს ტერიტორიაზე, ქალაქ ზვეჩანთან უკანონო შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმის შედეგად კოსოვოელი პოლიციის სერჟანტი და სამი თავდამსხმელი დაიღუპნენ.