კოსოვოში ცხრა ალბანელი გაასამართლეს, რომლებიც 2016 წელს ისრაელის ნაკრებზე თავდასხმას აპირებდნენ
კოსოვოს სასამართლომ ცხრა ალბანელი გაასამართლა, რომლებიც 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს ისრაელის ნაკრებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
პრიშტინას სასამართლომ ალბანელების დაჯგუფების ლიდერს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შვიდ ბრალდებულს კი 1,5-დან 6 წლამდე. კიდევ ერთი პირი 1500 ევროთი დაჯარიმდა.
მსჯავრდებულები 2016 წლის ნოემბერში კოსოვოში, ალბანეთსა და მაკედონიაში დაკავებულ 19 პირს შორის იყვნენ.
ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილები ალბანეთსა და ისრაელს შორის მატჩამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს. თამაში თავდაპირველად ალბანეთის ქალაქ შკოდერში უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხების ზომების გამო ელბასანში გადაიტანეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არშემდგარი თავდასხმა, რომლის განხორციელებაც 2016 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, კოორდინირებული იყო სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი ორი ალბანელის მიერ.
დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები, იარაღი, ელექტრონული აღჭურვილობა და ექსტრემისტული ლიტერატურა აღმოაჩინეს.
კოსოვოს ხელისუფელების მონაცემებით, სირიასა და ერაყში ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარეს ქვეყნის 180-მდე მოქალაქე იბრძვის.