კოსმოსურ სადგურზე სკანდალი გრძელდება - რუსები NASA-ს საბოტაჟში ადანაშაულებენ
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიმაგრებულ რუსეთის ხომალდ „სოიუზზე“ აღმოჩენილმა 2 მილიმეტრიანმა ხვრელმა უფრო დიდი დრამა გამოიწვია, ვიდრე ფიზიკური ზიანი.
„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა ამდენიმე დღის წინ ტელევიზიით განაცხადა, რომ ნახვრეტი არა წარმოების დეფექტი, არამედ ხელოვნურად იყო გაკეთებული. ამას მოჰყვა NASA-ს კიდევ ერთი განცხადება გამოძიების შესახებ.
სადგურზე მყოფმა ასტრონავტებმა ხვრელი აგვისტოს ბოლოს, მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ცნობილი გახდა, რომ საიდანღაც სადგურში ჰაერის წნევა თანდათან იკარგებოდა. მართლაც, სულ მალე ხვრელს მიაგნეს ხომალდ სოიუზ MS-09-ზე, რომელიც დროებით არის მიმაგრებული საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდულ „რასვეტზე“.
ამის შემდეგ, ყველაფერი აირია. თავდაპირველად იფიქრეს, რომ ხვრელი პატარა მეტეორიტის დაჯახების შედეგად იყო წარმოქმნილი. მაგრამ მოგვიანებით, NASA-მ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც კარგად ჩანდა ხვრელის გვერდით ხელოვნურად გაბურღული ნახვრეტი.
სექტემბრის დასაწყისში როგოზინის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დიდი მღელვარება გამოიწვია. იგი ვარაუდობდა, რომ ხვრელი განზრახ იყო გაკეთებული.
როგოზინის ეს განცხადება საკმარისი აღმოჩნდა სპეკულაციათა ასაგორებლად და მართლაც, კულმინაცია იყო რუსულ გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც იუწყებოდა, რომ ხვრელი NASA-ს ასტრონავტებმა განზრახ გააკეთეს. გამოცემის მტკიცებით, NASA-ს ერთ-ერთი ასტრონავტი ავად იყო და სახლში ვადაზე ადრე დაბრუნება სურდა, რისთვისაც მან სადგური დააზიანა, იმ იმედით, რომ NASA იქ ხომალდს გაგზავნიდა.
რა თქმა უნდა გაზეთის ეს მასალა მოკლებული იყო ყოველგვარ მტკიცებულებებს.
13 სექტემბერს, NASA და როსკოსმოსი ერთობლივი გამოძიების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
ამის შემდეგ, პირველი ამბავი სწორედ რუსეთმა გაახმაურა. მისი თქმით, კომისიას ხვრელთან დაკავშირებით უკვე აქვს ანგარიში.
როგორც როგოზინმა აღნიშნა, კომისიამ წარმოების დეფექტი გამორიცხა და გამოძიების შემდეგ ეტაპზე მოხდება იმის გარკვევა, თუ ვინ გაბურღა ხვრელი.
ცოტა ხნის წინ, რუსული სააგენტო РИА Новости იუწყებოდა, რომ ხომალდის აწყობისას, ვიღაცამ შეცდომა დაუშვა და ის წებოთი და ქსოვილით დაფარა. როგოზონის განცხადება ამ ვერსიას გამორიცხავს.
როგოზინის განცხადებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება NASA, რომელიც აღნიშნავს, რომ წარმოების დეფექტის გამორიცხვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხვრელი განზრახ, ავი ზრახვებით არის გაკეთებული. NASA იმედოვნებს, რომ ყველაფერს ერთობლივი გამოძიება დაადგენს.
არის კიევ ერთი ნიუანსი. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, საბურღი ხელსაწყოებით მსგავსი ოპერაციის ჩატარება უკიდურესად სახიფათოა. გარდა ამისა, ექსპერტთა თქმით, ეს უკიდურესად რთულიც იქნებოდა.
გარდა ქალაქ სამარაში მდებარე ქარხნისა, სადაც ხომალდი დამზადდა, ხვრელი დედამიწაზე კიდევ ბევრ სხვა ადგილას შეიძლება გაკეთებულიყო. მაგალითად, გზად, სამარადან ბაიკონურის კოსმოდრომისკენ, საიდანაც ის სადგურისკენ გაუშვეს.
NASA-ს ასტრონავტები და „როსკოსმოსის“ კოსმონავტები კატეგორიულად უარყოფენ, რომ ხვრელი მათგან რომელიმემ გააკეთა და აღნიშნავენ, რომ ისინი მუდამ ერთობლივად, ჰარმონიულად მუშაობენ.
11 ოქტომბერს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრებიან ამერიკელი ასტრონავტი ნიკ ჰეიგი და რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი. ამავე დღეს, NASA-ს ხელმძღვანელი ჯიმ ბრაიდენსტაინი „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელ დიმიტრი როგოზინს შეხვდება.
გამოძიება კი გრძელდება. NASA-ს განცხადებით, ამ ამბის შესახებ მეტი ინფორმაციის შესაგროვებლად, ნოემბერში დაგეგმილია ასტრონავტების გასვლა ღია კოსმოსში.