კოსმოსურ სააგენტოთა დასკვნით, 9 სექტემბერს დედამიწას ასტეროიდი არ შეეჯახება
კოსმოსურ სააგენტოთა დასკვნით, 9 სექტემბერს დედამიწას ასტეროიდი არ შეეჯახება

ივნისის დასაწყისში მსოფლიო მედია მოიცვა ამბავმა დედამიწისთვის საშიში ასტეროიდის შესახებ. თუმცა, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) მიერ ჩატარებული ახალი დაკვირვებების თანახმად, ეს ასტეროიდი ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

კოსმოსური ნამტვრევის სახელია 2006 QV89. სიგრძეში 20-50 მეტრია და მზის გარშემო ისე ბრუნავს, რომ არსებობდა 7000-ში ერთი შანსი, რათა 2019 წლის 9 სექტემბერს ის დედამიწას შეეჯახოს.

ეს გახლავთ 0,00014 პროცენტიანი ალბათობა, რაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს რისკების სიის მიხედვით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ კატალოგში შესულია ის არამიწიერი ობიექტები, რომელთა დედამიწასთან შეჯახების შანსიც ნულზე მეტია.

„ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ დაასკვნა, რომ 2006 QV89 დედამიწასთან შეჯახების კურსზე არ დგას; გარდა ამისა, უკიდურესად დაბალია მომავალში შეჯახების შანსიც“, — წერია ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) განცხადებაში.

ასტეროიდთა დანახვა უკიდურესად რთულია. ისინი ძალიან პატარებია და მოძრაობენ ჩვენგან შორს; ხშირ შემთხვევაში არიან სინათლის ცუდად ამრეკლავები. როცა ისინი ჩვენი თვალთახედვის არეალში გამოჩნდებიან, ასტრონომები სასწრაფოდ ახდენენ მის კვლევას, შემდეგ კი, მოძრაობასთან ერთად, ასტეროიდები კვლავ უხილავი ხდებიან.

სწორედ ამ სახის არის ასტეროიდი 2006 QV89-იც. აღმოაჩინეს 2006 წელს და მომდევნო 10 დღის განმავლობაში, ასტრონომები მასზე დაკვირვებას აწარმოებდნენ. ამის შემდეგ ის გაუჩინარდა და მის შესახებ არც აღარაფერი გაგვიგია.

თუმცა, ეს ათი დღე საკმარისი აღმოჩნდა, რათა მეცნიერებს დაედგინათ, რომ ის ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს და 2019 წლის 9 სექტემბერს დედამიწის ორბიტას იმდენად ახლო წერტილში გადაკვეთს, რომ არსებობს შეჯახების გარკვეული რისკიც.

მონაცემები იმდენად მწირი იყო, რომ უცნობია, სად იმყოფება ასტეროიდი დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

„მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით 2006 QV89-ის ზუსტი ტრაექტორია, ცნობილია, სად უნდა გამოჩნდეს ის ცაში იმ შემთხვევაში, თუ ის ჩვენს პლანეტასთან შეჯახების კურსზე დგას. შესაბამისად, შეგვიძლია ცის ამ მონაკვეთს დავაკვირდეთ, რათა გავიგოთ, იმყოფება თუ არა იქ ასტეროიდი“, — წერს ESA.

ასტრონომები სწორედ ასე მოიქცნენ. 4-5 ივლისს, ცის ამ მონაკვეთისკენ მათ მსოფლიოს ერთ-ერთი უმძლავრესი ტელესკოპი, ჩილეში განთავსებული VLT მიმართეს.

ეს ტელესკოპი ცის ამ მონაკვეთში არსებობის შემთხვევაში საკმაოდ მცირე ასტეროიდსაც კი აუცილებლად შეამჩნევდა.

როგორც ჩანს, იქ მართლაც არაფერია, ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს უმძლავრესი ტელესკოპის დასკვნით. აღსანიშნავია, რომ იმ ზომის კოსმოსური ნამსხვრევი, რომელსაც ტელესკოპი VLT ვერ დააფიქსირებს, შემოჭრისას უბრალოდ დედამიწის ატმოსფეროში დაიწვება.

და ბოლოს, 2022 წელს დედამიწას ჩაუვლის 13-მეტრიანი ასტეროიდი სახელად 2009JF1, რომლის შეჯახების შანსიც 4 464-ში ერთია.