კოსმოსში, საქმე გვაქვს დიდ მანძილებთან და ობიექტებთან. კოსმოსურ საგანთა სქემაში, დედამიწა ძალიან პატარაა. თვით მზის სისტემაშიც კი, ჩვენ უბრალო ჯუჯა ვართ პლანეტა იუპიტერთან (ამ პლანეტაში 1000-ზე მეტი დედამიწა მოთავსდებოდა) და მზესთან შედარებით (მოთავსდებოდა მილიონზე მეტი დედამიწა).
თავად მზეც არარაობა ჩანს ჩვენთვის ცნობილ უდიდეს ვარსკვლავებთან შედარებით. მზე G-ტიპის ვარსკვლავია, ყვითელი ჯუჯა — საკმაოდ საშუალო ზომის სხეული კოსმოსურ მასშტაბებში. მაგრამ ზოგიერთი „ჰიპერგიგანტი“ ვარსკვლავი გაცილებით, გაცილებით დიდია. ჩვენთვის ცნობილი უდიდესი ვარსკვლავია UY Scuti, რომელშიც 1700-ზე მეტი ჩვენი მზე მოთავსდებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ UY Scuti ჩვენს მზეზე მხოლოდ 30-ჯერ მასიურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასა და ზომა კოსმოსში ყოველთვის არ შეეფერება ერთმანეთს.
დიდ კოსმოსურ ობიექტთა ნუსხაში ასევე შედის შავი ხვრელები, განსაკუთრებით კი სუპერმასიური შავი ხვრელები, რომლებიც გალაქტიკათა ცენტრში არიან მოთავსებული. ირმის ნახტომის ცენტრში გაწოლილია სუპერმასიური შავი ხვრელი მშვილდოსანი A*, რომლის მასაც მზისას 4 მილიონჯერ აღემატება. ერთ-ერთი უდიდესი სუპერმასიური შავი ხვრელი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის, არის NGC 4889, რომლის მასაც მზის მასას დაახლოებით 21 მილიარდჯერ აღემატება.
თუმცა სამყაროში არსებობს სუპერმასიურ შავ ხვრელებზე უფრო დიდი ობიექტებიც. გალაქტიკები ვარსკვლავური სისტემებისა და ამ სისტემებში მოქცეული ყველანაირ ობიექტთა კოლექციებია (ვარსკვლავები, პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, ჯუჯა პლანეტები, გაზი, მტვერი და ა. შ.).
NASA-ს მონაცემებით, ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის სიგანე 100 000 სინათლის წელია; სინათლის წელი არის მანძილი, რომელსაც სინათლე ერთ წელიწადში გაივლის. ძნელია იმის გარკვევა, თუ რომლებია ყველაზე დიდი გალაქტიკები, რადგან მათ არ აქვთ ზუსტი საზღვრები, მაგრამ ჩვენთვის ცნობილ უდიდეს გალაქტიკათა სიგანე მილიონობით სინათლის წელია. მათ შორის ყველაზე დიდია გალაქტიკა IC 1101, რომელიც ზომით ირმის ნახტომზე 50-ჯერ დიდია და 2 000-ჯერ მასიური. მისი დიამეტრი 5,5 მილიარდი სინათლის წელია.
შთამბეჭდავი ზომები აქვთ ნისლეულებსაც, ანუ გაზის ვრცელ ღრუბლებს. მათ შორის უდიდესად მიიჩნევა სამკუთხედის გალაქტიკაში მდებარე ნისლეული NGC 604; მისი სიგანე დაახლოებით 1520 სინათლის წელია.
ამჟამად, უკვე ვიწყებთ მიახლოებას სამყაროს უდიდს სტრუქტურებთან. გრავიტაციის წყალობით, გალაქტიკები ხშირად ერთად ჯგუფდებიან, რასაც გალაქტიკათგროვებს უწოდებენ. მაგალითად, ირმის ნახტომი მიეკუთვნება შედარებით პატარა გროვა ადგილობრივ ჯგუფს, რომელიც დაახლოებით ორ ათეულ ჯგუფს მოიცავს, მათ შორის ანდრომედას გალაქტიკას.
თავდაპირველად, ასტრონომები ფიქრობდნენ, რომ ეს სტრუქტურები უდიდესი იყო კოსმოსში. თუმცა, 1980-იან წლებში, ასტრონომებმა გააცნობიერეს, რომ გალაქტიკათგროვების ჯგუფები ასევე არიან დაკავშირებული ერთმანეთთან გრავიტაციით და წარმოქმნიან სუპერგროვებს.
რომელია უდიდესი სუპერგორვა?
სამყაროში ჩვენთვის ცნობილი უდიდესი სუპერგროვაა ჰერაკლეს დიდი კედელი—ჩრდილოეთის გვირგვინი. მის შესახებ ცნობილი პირველად 2013 წელს გახდა და მას შემდეგ რამდენჯერმე შეისწავლეს. იგი იმდენად დიდია, რომ სტრუქტურის ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად სინათლეს 10 მილიარდი წელიწადი სჭირდება. შედარებისათვის — სამყაროს ასაკი მხოლოდ 13,8 მილიარდი წელია.
ამ სტრუქტურის შესახებ პირველად მაშინ გახდა ცნობილი, როცა მკვლევართა ჯგუფი სამყაროს ერთ-ერთ უცაბედ ფენომენს — გამა-გამოსხივების აფეთქებას აკვირდებოდა. მიჩნეულია, რომ ეს გამოსხივება გამოიყოფა მასიურ ვარსკვლავთა სიცოცხლის მიწურულს სუპერნოვად აფეთქების შედეგად.
გამა-გამოსხივების აფეთქებები საუკეთესო მინიშნებად მიიჩნევა იმ ადგილებისათვის, თუ სადაა გაწოლილი სამყაროში მასათა უდიდესი კონცენტრაცია, რადგან დიდი ვარსკვლავები როგორც წესი, თავს იყრიან მჭიდრო არეალებში. პირველმა კვლევამ აჩვენა, რომ გამა-გამოსხივება განსაკუთრებით კონცენტრირებული იყო დაახლოებით 10 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით, ჰერაკლესა და ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედების მიმართულებით.
მაგრამ გამოცანად რჩებოდა სტრუქტურის ზომა. 2013 წელს Discovery News-ში გამოქვეყნებული სტატია აღნიშნავდა, რომ ეს სტრუქტურა კოსმოლოგიის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, ანუ სამყაროს ფორმირებისა და ევოლუციის პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ ამ პრინციპთა მიხედვით, მატერია ერთსახოვანი უნდა იყოს, როცა მას საკმარისი მასშტაბიდან ვუყურებთ. თუმცა, ეს გროვა სულაც არაა ერთსახოვანი.
„ვფიქრობ, ეს სტრუქტურა ამაღელვებლად დიდია. მეც კი, როგორც კვლევის თანაავტორს, ჯერ კიდევ მაქვს გარკევული ეჭვები“, — ამბობდა 2014 წელს გამოქვეყნებულ პრესრელიზში სამხრეთ კალიფორნიის ჩარლსტონის კოლეჯის ასტრონომი ჯონ ჰაკილა. მისი თქმით, ძალიან მცირე იყო იმის შანსი, რომ მკვლევრებს ამ ადგილას გამა-გამოსხივების აფეთქებათა შემთხვევითი ოდენობა ეხილათ, ამის შანსი დაახლოებით ასში ერთია.
„აქედან გამომდინარე, გვჯერა, რომ ეს სტრუქტურა არსებობს. არის სხვა გროვებიც, რომლებიც უნივერსალურ ჰომოგენურობაზე ძალადობენ: სლოუნის დიდი კედელი და კვაზართა უზარმაზარი ჯგუფი (Huge-LQG)… სულ რაღაც ორი. აქედან გამომდინარე, შეიძლება არსებობდეს სხვებიც, ზოგიერთი უფრო დიდიც იყოს. ამ ყველაფერს მხოლოდ დრო გვეტყვის.
მზის სისტემის დიდი ობიექტები
მიუხედავად იმისა, რომ მზის სისტემა უბრალოდ არარაობაა ჰერაკლეს დიდი კედელი—ჩრდილოეთის გვირგვინის სუპერგროვასთან შედარებით, გთავაზობთ ჩვენი მზის სისტემის სხვადასხვა ტიპის უდიდეს ობიექტთა სიას.
- უდიდესი პლანეტა: იუპიტერი. დიამეტრი 142 984 კმ, რაც 11-ჯერ აღემატება დედამიწის დიამეტრს.
- უდიდესი მთვარე: იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი განიმედე. დიამეტრი 5268 კმ, რითაც ოდნავ აღემატება პლანეტა მერკურის.
- უმაღლესი ვულკანი: ოლიმპის მთა მარსზე. მისი სიმაღლე დაახლოებით 25 კილომეტრია და თითქმის სამჯერ აღემატება დედამიწის უმაღლეს მთა ევერესტს.
- უდიდესი კანიონი: მარინერის ხეობა მარსზე. სიგრძეში 3000 კმ-ზე მეტია, სიგანეში 600 კმ, სიღრმე კი 8 კილომეტრია.
- უდიდესი კრატერი: უტოპია-პლანიტია მარსზე, რომლის დიამეტრიც 3300 კმ-ია. სწორედ აქ დაჯდა 1976 წელს ხომალდი ვიკინგ 2.
- უდიდესი ასტეროიდი: 4 ვესტა. მისი სიგანე 530 კმ-ია. მდებარეობს მარსსა და იუპიტერს შორის, ასტეროიდთა სარტყელში.
- უდიდესი ჯუჯა პლანეტა: პლუტონი. მისი დიამეტრი 2370 კმ-ია. ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ იგი ჯუჯა პლანეტა ერისზე პატარა იყო, თუმცა პლუტონის ზომები საბოლოოდ დაადგინა NASA-ს ხომალდმა New Horizons-მა, რომელმაც 2015 წლის ივლისში პლუტონს გადაუფრინა.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით