კორეული მედიის ცნობით, „ნენსკრაჰესს“ კორეული Hyundai E&C და თურქული Limak ააშენებენ
„ნენსკრაჰესის“ გენერალური კონტრაქტორი კორეული კომპანია „ჰიუნდაი ინჯინიარინგ ენდ ქონსთრაქშენის“ (Hyundai Engineering & Construction – Hyundai E&C) და თურქული „ლიმაკის“ (Limak) მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანია იქნება. ამის შესახებ რამდენიმე კორეული გამოცემა იუწყება.
ამასთან, საქართველოს პირველ არხს პროექტის ინვესტორ კომპანიაში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე, შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
„ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენკსრა ჰიდრო“ გენერალური კონტრაქტორის გამოსავლენად საერთაშორისო ტენდერს 2019 წლის განმავლობაში ატარებდა. დღევანდელი მდგომარეობით, გამოვლინდა შერჩეული კანდიდატი. ამჟამად, შესაბამისი ხელშეკრულების ფინალიზება მიმდინარეობს. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება და ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, სს „ნენსკრა ჰიდრო“ იზრუნებს იმაზე, რომ საზოგადოებას დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს“, – აცხადებენ „ნენსკრა ჰიდროში“.
კომპანიის ცნობით, ძირითადი სამშენებლო სამუშაოს დაწყება 2020 წელს იგეგმება.
Hyundai Engineering & Construction კორეის რესპუბლიკის უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც 1947 წელს დაფუძნდა.
რაც შეეხება თურქულ „ლიმაკს“, ის სტამბოლის ახალი აეროპორტის მშენებლობაში მონაწილეობდა.
თავდაპირველად „ნენსკრაჰესი“ იტალიურ „სალინი იმპერჯილოს“ (Salini Impregilo) უნდა აეშენებინა, თუმცა კომპანია პროექტიდან გავიდა, რაც პროექტის შეფერხების მიზეზი გახდა.
280-მეგავატიანი „ნენსკრაჰესი“ მესტიის მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს. პროექტის ღირებულება მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. დაფინანსების მოზიდვა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციიდან იგეგმება, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD).