კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარება არარეალისტურია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის ინციატივას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე კონსტიტუციონალისტებიც აფასებენ.
მათი თქმით, ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ნაკლებად შესაძლებელია, რადგან გარდა იმისა, რომ ის საქართველოს მთელი ტერიტორია უნდა მოიცვას, განსაზღვრულია საკითხები, რომლებზეც რეფერენდუმის გამართვა შეიძლება.
რაც შეეხება პლებისციტს, მათი თქმით, შემდეგ იგივე პროცედურები საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება, რაც მომავალ არჩევნებამდე სავარაუდოდ ვერ მოესწრება.
კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ ყველზე კომპრომისული ვარიანტი ამ ვითარებაში, ე.წ. გერმანული მოდელია, რომლის განხორციელებაც მათი თქმით, საქართველოს კონსტიტუციით შესაძლებელია.
როგორც კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია აცხადებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვილს საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება წარმოუდგენელია, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, კანონის მისაღებად არ შეიძლება რეფერდუმის ჩატარება.
„შესაბამისად, არ მგონია, რეფერენდუმის ჩატარება სამართლებრივად იყოს სწორი. რაც შეეხება პლებისციტს, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის გამოკითხვა, თუმცა ვადებში იქნება პრობლემა. ორი-სამი თვე დასჭირდება ამ პროცესს, მერე ამას დასჭირდება ისევ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესი და მოახლოვდება ამასობაში არჩევნები. არ მგონია, რომ ეს იყოს რეალისტური. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მგონი არ არსებობს პოლიტიკური ნება და არ უნდა ხელისუფლებას საქართველოში ნორმალური პროპორციული არჩევნების ჩატარება და დანარჩენი ყველაფერი არის მიზეზი. ე.წ. გერმანული მოდელი ის ვარიაცია, რომელიც არის შემოთავაზებული და რომლის დაფარვა კიდევ უფრო გამრავალფეროვნება შეიძლება, არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან. არ არის პოლიტიკური სურვილი და ე.წ. გერმანული მოდელი ამიტომ არ არის მისაღები მათთვის, თორემ სამართლებრივად მარტივად შესაძლებელია კონსტიტუციასთან შესაბამისი დოკუმენტის მომზადება“, – განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.
ამასთან, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია, თუმცა ეს არანაირ შედეგს არ იძლევა.
„რეფერენდუმთან დაკავშირებით არის პრობლემები, რადგან განსაზღვრულია, რა საკითხზე შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება. გარდა ამისა, ტერიტორიულ მთლიანობაზეა საუბარი. პლებისციტს წინ არაფერი უდგას, შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ არანაირ შედეგს არ იძლევა. იგივე წარმატებით შეიძლება გააკეთონ სანდო სოციოლოგიური გამოკითხვა და დაახლოებით ერთნაირ შედეგს მიიღებთ. რამდენად მიიღებს ოპოზიცია პლებისციტის შედეგებს ამ ვითარებაში, ეს კიდევ ცალკე თემაა. ვთქვათ პლებისციტიტ მივიღეთ, რომ პროპორციულს უჭერენ მხარს, შემდეგ ისევ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო შესწორების მიღება და ასე შემდეგ, ამას დრო სჭირდება. ოპოზიციის შიში, რომ ეს სჭირდება ხელისუფლებას ყურადღების გადასატანად, რეალურია. კომპრომისულ ვარიანტს თუ ეძებს მართლა ხელისუფლება, ეს არის ე.წ. გერმანული მოდელი, ან ისევ პროპორციული დააბრუნონ მცირე შესწორებით პარლამენტში“, – აცხადებს ძაბირაძე.
აკაკი ზოიძემ გუშინ განაცხადა, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს.