ვახტანგ ძაბირაძე - ბუნდოვანია, დაბრუნდება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის რეჟიმი, რაც შემდგომმა გადაწყვეტილებებმა და პრემიერ-მინისტრის ახალმა კანდიდატურამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა
ვახტანგ ძაბირაძე - ბუნდოვანია, დაბრუნდება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის რეჟიმი, რაც შემდგომმა გადაწყვეტილებებმა და პრემიერ-მინისტრის ახალმა კანდიდატურამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა

პრობლემა, რომელიც დღეს დგას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დამოკიდებულება, შეიძლებოდა, მანამდე განგვეხილა, როგორც სამართლებრივი პრობლემა, მაგრამ გახარიას განცხადებამ ეს მთლიანად პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა, – განაცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ბუნდოვანია, როგორი იქნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დამოკიდებულება და დაბრუნდება თუ არა დიალოგის რეჟიმი, რაც შემდგომმა გადაწყვეტილებებმა და პრემიერ-მინისტრის ახალმა კანდიდატურამ საკმაოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუ დაპირისპირება გაგრძელდება, ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, ხეირს არც მმართველ გუნდს დააყრის და არც ოპოზიციას“, – განაცხადა ძაბირაძემ.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება მისთვისაც მოულოდნელი იყო.

მოგვწონდა-არ მოგვწონდა, მისაღები იყო თუ მიუღებელი, ეს სხვა საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ერთიანი პოზიცია ექნებოდა. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ გარკვეული ხნის განმავლობაში უნდა შეენარჩუნებინა მართვის ის გუნდი, რომელიც იყო. ვგულისხმობ პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ლიდერთა სამეულს თუ ოთხეულს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა ძაბირაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მმართველმა გუნდმა, რომ ამ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი ხელმეორედ გახდეს, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ მელიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები მის მიერ მიღწეულ გამარჯვებად ჩათვალა, რის საპასუხოდაც, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, პაუზა აეღო და არსებული ვითარება უფრო ღრმად გაეანალიზებინა, მაგრამ მმართველი გუნდი შეეცადა, სასწრაფოდ გაენეიტრალებინა შეხედულება, რომ მან მარცხი განიცადა და ოპოზიციამ გაიმარჯვა.

„ამის ყველაზე კარგი ჩვენება, რომ ყველაფერი აღდგა, იყო თამაშში ღარიბაშვილის შემოყვანა. თავისი არსით და გაგებით ის ხისტი პოლიტიკოსია და „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ სცენაზე სწორედ ეს ხისტი პოლიტიკოსი შემოიყვანა“, – განაცხადა ძაბირაძემ.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილებების მიღებისას ცოტა მეტი ანალიზი უნდა გააკეთოს.

„მით უმეტეს, არჩევნებიდან დღემდე ჩვენი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს თუ დავაკვირდებით, ტონი შეიცვალა. ეს ტონი დღეს შეიცვალა, დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში. ამას ძალიან დიდი ყურადღებით უნდა გაცნობა და დიდი ანგარიშის გაწევა“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.