კომპანია „ტვიტერის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
კომპანია „ტვიტერის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯეკ დორსიმ თანამდებობა დატოვა. ის კომპანიის სათავეში „ტვიტერის“ აღმასრულებელმა ტექნოლოგიურმა მენეჯერმა, პარაგ აგრავალმა ჩაანაცვლა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯეკ დორსი 2006 წლიდან „ტვიტერის“ თანადამფუძნებელია. სოციალური ქსელის კომპანიის ხელმძღვანელობის პარალელურად, ის იკავებდა ციფრული გადახდების კომპანიის Square-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. ჯეკ დორსი დირექტორთა საბჭოში 2022 წელს აქციონერთა ყოველწლიურ შეკრებამდე დარჩება.
„ძალიან დამწუხრებული ვარ და ამავე დროს ბედნიერი. ბევრი კომპანია არ აღწევს ასეთ დონეს“, – ნათქვამია დორსის წერილში, რომელიც მან კომპანიის თანამშრომლებს გაუგზავნა. წერილში „ტვიტერის“ ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან წასვლა იყო მხოლოდ მისი გადაწყვეტილება.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, აღმასრულებელ დირექტორად აგრავალის დანიშვნა ნიშნავს კომპანიის მიერ მანამდე შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერას, რომელიც 2023 წლისთვის წლიური შემოსავლის გაორმაგებას ითვალისწინებს.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ განვაახლეთ ჩვენი სტრატეგია ამბიციური მიზნების მისაღწევად და მე მჯერა, რომ ეს სტრატეგია იქნება თამამი და სწორი“, – აღნიშნულია აგრავალის წერილში.