„როიტერი“ - „ტვიტერმა“ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო დაითხოვა
„როიტერი“ - „ტვიტერმა“ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო დაითხოვა

კომპანია „ტვიტერმა“ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამისი ელექტრონული წერილი საბჭოს წევრებს დაეგზავნათ.

„როდესაც „ტვიტერი“ გადადის ახალ ფაზაში, ჩვენ ვსწავლობთ, როგორ შემოვიტანოთ საუკეთესო გარე ანალიზი ჩვენს პროდუქტში და პოლიტიკის შემუშავებაში. ამ პროცესის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, რომ ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო არ არის საუკეთესო სტრუქტურა ამის გასაკეთებლად. ჩვენი მუშაობა სწრაფად და აქტიურად, როგორც არასდროს, წინ მიიწევს, რათა „ტვიტერი“ იყოს უსაფრთხო ინფორმაციული სივრცე. მივესალმებით მომავალში თქვენს იდეებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა“, – ნათქვამია წერილში, რომელიც საბჭოს წევრებმა მიიღეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, „ტვიტერზე“ საბჭოს გვერდი წაიშალა.

ნდობისა და უსაფრთხოების საბჭო იყო მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, რათა კონსულტაცია გაეწია სოციალური მედიის პლატფორმისთვის. საბჭო დაკომპლექტებული იყო სამოქალაქო უფლებადამცველი ორგანიზაციების, აკადემიური და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

მას შემდეგ, რაც „ტვიტერს“ ილონ მასკი ჩაუდგა სათავეში, კომპანიაში თანამშრომლების დაახლოებით ნახევარი, 3 700 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ათასზე მეტმა თანამშრომელმა სამსახური თავად დატოვა, მათ შორის, ნდობისა და უსაფრთხოების განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა, იოელ როთმა. გასულ კვირას ნდობისა და უსაფრთხოების საბჭოს სამი წევრი გადადგა. ამის მიზეზად მათ „ტვიტერის“ მომხმარებელთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება დაასახელეს.