დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ტვიტერზე“ დაბრუნებას აღარ გეგმავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ტვიტერზე“ დაბრუნებას აღარ გეგმავს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ტვიტერის“ სოციალურ პლატფორმაზე დაბრუნებას აღარ გეგმავს.  „მე ვერ ვხედავ ამის მიზეზს“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დაიცავს თავის ახალ პლატფორმას – Truth Social-ს, რომელიც, მისი თქმით, უკეთესია მომხმარებლის ჩართულობით, ვიდრე „ტვიტერი“ და „ფენომენალურად კარგად“ მუშაობს.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „ტვიტერი“ დაზარალდა ბოტებით, ყალბი ანგარიშებით და კომპანიას უზარმაზარი პრობლემები შეექმნა.

დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ ანგარიში, რომელსაც 88 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, 2021 წლის 8 იანვარს ძალადობის წაქეზების ბრალდებით აიკრძალა. „ტვიტერის“ ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა გამოკითხვა ჩაატარა, უნდა დაბრუნებულიყო თუ არა ტრამპი სოციალური მედიის პლატფორმაზე. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშის აღდგენას გამოკითხვაში მონაწილეთა 51 პროცენტმა მისცა ხმა.