კოლინ დონოჰიუ - საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, ციფრულ სექტორში სტარტაპებისა და მომსახურების ექსპორტი განახორციელოს
საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, რომ ციფრულ სექტორში სტარტაფების და მომსახურების ექსპორტი განახორციელოს, – ამის შესახებ „სტარტაპ გრაინდ თბილისის“ მმართველმა დირექტორმა, კოლინ დონოჰიუმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსის ფონზე დისტანციურ მუშაობზე გაზრდილი მოთხოვნა და შესაბამისად, ციფრული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს.
დისკუსიის დროს „სტარტაპ გრაინდ თბილისის“ [Startup Grind Tbilisi] მმართველმა დირექტორმა განაცხადა, რომ კორონავირუსის მიერ შექმნილი რისკების ფონზე, დისტანციური მუშაობის და შესაბამისად, ტექნოლოგიური, ციფრული სექტორის განვითარების პერსპექტივა მზარდია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც.
კოლინ დონოჰიუს მოსაზრებით, მართალია, ტურიზმი ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია, მაგრამ იგი საკმაოდ მოწყვლადია ისეთი რისკების წინაშე, როგორიცაა ეპიდემია თუ ტერორიზმი. ამის საპირისპიროდ, ციფრული ეკონომიკა გაცილებით უსაფრთხოა და მისი წილი გლობალურ დონეზე იზრდება.
„საქართველოს გარკვეული უპირატესობები გააჩნია. თუ მსოფლიო უფრო მეტად გადავა ონლაინრეჟიმზე და დისტანციურად მეტი ადამიანი იმუშავებს, საქართველოში გაიზრდება შესაძლებლობა, რომ აქ ადამიანმა ბრიტანული თუ ამერიკული ხელფასით იმუშაოს“, – განაცხადა დონოჰიუმ.
მისი განმარტებით, კორონავირუსის გლობალურ ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის ფონზე, როცა ყველა ცდილობს ხარჯების შემცირებას, საქართველოს აქვს შანსი, რომ საერთაშორისო კომპანიებს განვითარებულ ქვეყნებზე იაფი მომსახურება შესთავაზოს. დონოჰიუს აზრით, ეს შესაძლებლობები ქვეყანამ ხელიდან რომ არ გაუშვას, აუცილებელია, ადგილობრივი კადრების ციფრული უნარები დაიხვეწოს და საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტებთან და ვენჩურულ ფონდებთან აქტიური ურთიერთობა დამყარდეს.
„საქართველოში ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომ ციფრულ სექტორში სტარტაპების და სხვა სერვისების ექსპორტი განხორციელდეს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი დამატებითი პროექტი, ციფრული სააგენტო, რომელიც პროექტებს საერთაშორისო დონეზე ახორციელებს და მრავალ შესაძლებლობას ქმნის. უნდა გამოინახოს გზები, რომ მეტი სტუდენტი და სხვა მსურველი ჩაერთოს საბაზრო შესაძლებლობების ათვისებაში. ვგულისხმობ, რომ პრობლემის ერთი ნაწილია ციფრული უნარები და მეორე საერთაშორისო მომხმარებელთან დაკავშირება, რომელსაც მაღალი ფასის გადახდა შეუძლია. ანუ საქართველო უნდა დაუკავშირდეს საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც აუთსორსინგის შესაძლებლობებს ეძებენ. ახლა ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია ამერიკაში ისევე, როგორ საქართველოში და კომპანიები ხარჯების შემცირების საშუალება ეძებენ. თუ კომპანიები, ვთქვათ, კალიფორნიაში პროგრამისტს 100 აშშ დოლარს უხდიან და გაცილებით ნაკლების გადახდა შეიძლება საქართველოში, ეს მიმზიდველია. მაგრამ ეს შესაძლებლობა უნდა დაიჭირო და კარგი კავშირები დაამყარო, რომ კარგი შეთავაზებები მიიღო. ახლა, როცა ხალხი შეკეტილი და მოწყენილია სახლში, ადამიანებმა ახალი უნარების განვითარებაზე უნდა იზრუნონ და ბიზნესმა ამას ხელი უნდა შეუწყოს“, – განუცხადა კოლინ დონოჰიუმ „ბიზნესპარტნიორს“.