კოჯრის სამხედრო ნაწილში დაშავებული ერთ-ერთი ჯარისკაცი ინგოროყვას კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება
კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირებისას დაჭრილი ერთ-ერთი ჯარისკაცი ინგოროყვას კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ექიმის განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც პირველ არხს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, გიორგი გაფრინდაშვილმა განუცხადა, სამხედროს გუშინ მუცლის არეში ოპერაცია ჩაუტარდა.
„პაციენტს მუცლის არეში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელიც სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.
როგორც ექიმი ამბობს, პაციენტმა მას უთხრა, რომ შემთხვევა სამხედროებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.
ამასთან, ოეპარციის შემდეგ მკურნალობა უტარდება „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაყვანილ კიდევ ერთ ჯარისკაცს. ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, ლაშა მაჭარაშვილის განცხადებით, პაციენტს გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა ჰქონდა, რის გამოც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დაჭრილი ამჟამად პალატაშია, სათანადო მკურნალობა უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს ხუთი ჯარისკაცი დაშავდა. ერთ-ერთ მათგანს სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული, ოპერაცია ჩაუტარდა და ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. მეორე დაშავებული „ამტელ ჰოსპიტალში“ მიიყვანეს. კიდევ ერთი სამხედრო პირი კი, რომელსაც მცირე დაზიანებები ჰქონდა, პროფილაქტიკური კვლევებისთვის „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულ სამხედროს, მათ შემოწმება ჩაუტარდათ და კლინიკიდან გაწერეს.