ბოლო ინფორმაციით, კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს ხუთი ჯარისკაცი დაშავდა
ბოლო ინფორმაციით, კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს ხუთი ჯარისკაცი დაშავდა

ბოლო ინფორმაციით, კოჯრის სამხედრო ნაწილში ხუთი ჯარისკაცი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

ერთ-ერთ მათგანს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული, ოპერაცია ჩაუტარდა და ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

მეორე დაშავებული „ამტელ ჰოსპიტალში“ მიიყვანეს. კიდევ ერთი სამხედრო პირი კი, რომელსაც მცირე დაზიანებები ჰქონდა, პროფილაქტიკური კვლევებისთვის „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულ სამხედროს, მათ შემოწმება ჩაუტარდათ და კლინიკიდან უკვე გაწერეს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს დაპირისპირების დროს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა.

თავდაპირველად, თავდაცვის სამინისტროში 1Tv.ge-ს განუცხადეს, რომ კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს დაშავებული ოთხი სამხედრო მოსამსახურე იყო კლინიკაში გადაყვანილი.