კობახიძე დაინტერესებულ მხარეებს მიმართავს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე არგუმენტები წარადგინონ
კობახიძე დაინტერესებულ მხარეებს მიმართავს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე არგუმენტები წარადგინონ

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაინტერესებულ მხარეებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე არგუმენტების წარდგენისკენ მოუწოდებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტის განხილვის გადადების მიზანი საკითხზე დამატებით სიღრმისეული მსჯელობაა.

„ძირითადი მიზანი და არსი ნარკომოხმარების შემცირება და  ჰუმანური პოლიტიკის გატარებაა. მიზანი ყველას აქვს, თუმცა მისი მიღწევის გზებზე ვერ ვთანხმდებით. ორი განსხვავებული მოსაზრებაა და ჯერჯერობით, არც ერთი მხრიდან, სიღრმისეული არგუმენტები არ მოგვისმენია. სიღრმისეული მსჯელობა გვჭირდება, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება.

პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე, მარტის დასაწყისში განიხილავს.