კობა კობახიძე - პირველი არხის ეთერით ბუტა რობაქიძის საქმეზე ექსკლუზივი მოვისმინეთ, სხვებისგან განსხვავებით, რაღაც ახალი გავიგეთ
პირველი არხის ეთერით ექსკლუზივი მოვისმინეთ და ამ ტელევიზიას ვულოცავ, რომ სხვებისგან განსხვავებით, აქ რაღაც ახალი გავიგეთ, – ამის შესახებ ზურაბ მიქაძისა და ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა, კობა კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გოჩა მუკბანიანმა განაცხადა, რომ გადაღება ორჯერ მოხდა და ამაზე სხვებიც აპელირებენ. ასევე, აგერ ია მეტრეველმა განაცხადა, რომ ქეთი ხოსიტაშვილმა ნახა, თუ როგორ დაურეკა ოქრუაშვილმა დონაძეს და ამ უკანასკნელმა ოქრუაშვილს სავარაუდოდ, ნამდვილი ფირი წაუღო. თუ ასეთი ფაქტის შესახებ ქეთი ხოსიტაშვილმა იცოდა და გამოძიებას არაფერი უთხრა, რადგან, ია მეტრეველის განცხადებით, გამოძიებაში ეს ფაქტი რატომღაც გამოტოვებული იყო. როცა მოსამართლემ ხოსიტაშვილს კითხვა დაუსვა, ჰქონდა თუ არა მას რამე დასამატებელი, რატომ თქვა, რომ დასამატებელი არაფერი აქვს?! ხოსიტაშვილს ხომ შეეძლო, ამის შესახებ სასამართლოზე ეთქვა?!“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თუ მეორე ფირი არსებობს, რომელიც, ვთქვათ, დონაძეს აქვს და მალავს, ამას ოქრუაშვილი იტყვის, რადგან დონაძე ოქრუაშვილს ვერ დაუმალავდა.
„თუ ოქრუაშვილი იტყვის, რომ ეს ის ფირია, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და ახლა ამაზე ვაპელირებთ, მაშინ გამოდის, რომ სიყალბეს ადგილი არ ჰქონია. ხოლო თუ იტყვის, რომ სხვა ფირი ნახა, გამოდის, რომ გაყალბებაა. ანუ, ოქრუაშვილი თავადაც გამყალბებელია“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც ზურაბ მიქაძის ადვოკატმა აღნიშნა, გურამ დონაძე ოქრუაშვილს დამონტაჟებულ და გაყალბებულ ფირს ვერ მიუტანდა, რადგან მას ნამდვილი ფირი უნდა ენახა და ამიტომ, ოქრუაშვილის დაკითხვა აუცილებელია.
„მისი დაკითხვა ყველა ვარიანტში საჭიროა. ეს საკითხი ბრალდების მხარემ რომ არ დააყენოს, ჩვენ უნდა დავაყენოთ, რადგან ეს საინტერესო რაღაცაა, მაგრამ აგერ გაძლევთ პირობას, ოქრუაშვილი არ გამოცხადდება. ძალიან კარგია, რომ ქეთი ხოსიტაშვილმა ეს გააჟღერა, რადგან ახლა უკვე საზოგადოება დარწმუნდება, რომ ოქრუაშვილის დაკითხვის გარეშე, ეს ყველაფერი ფარსია“, – განაცხადა ადვოკატმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა ზურაბ მიქაძის ადვოკატი გურამ დონაძის ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის პოზიციას, რომ ზაზა ბაქრაძის მიერ საჯაროდ მიცემული აღიარებითი ჩვენება პროკურატურის მიერ დადგმული ფარსია, კობა კობახიძემ თქვა, რომ ამის შესახებ პირადად არ მოუსმენია, მაგრამ ეს აზრი თავად პროკურატურამ შექმნა.
„როცა ასეთი რამ მოხდა, რომ ზაზა ბაქრაძემ გადაწყვიტა, ბრალი ეღიარებინა, ამას სამართლებრივი ფორმა აქვს. წესით, ეს სამართალდამცავ ორგანოში უნდა განაცხადო. ბაქრაძემ კი პიარის გზა აირჩია, როცა ამის შესახებ ტელევიზიით განაცხადა და ამაში პროკურორი არ უნდა გარეულიყო. ბაქრაძე რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო, ან საზღვარზე მოსულიყო და ჩაბარებულიყო, ეს სხვა იქნებოდა“, – განაცხადა კობა კობახიძემ.