კობა გვენეტაძე - სესხები უნდა გაიცეს მხოლოდ მსესხებლის შემოსავლების შეფასების შემთხვევაში, რასაც აუცილებლად ექნება დადებითი შედეგი 
კობა გვენეტაძე - სესხები უნდა გაიცეს მხოლოდ მსესხებლის შემოსავლების შეფასების შემთხვევაში, რასაც აუცილებლად ექნება დადებითი შედეგი 

სესხი მხოლოდ მსესხებლის შემოსავლების შეფასების შემთხვევაში უნდა გაიცეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჟურნალისტებმა ახალი საბანკო რეგულაციების გავლენაზე კითხეს, რომლის გამოც, კომერციული ბანკების ინფორმაციით, საბანკო განვადებები შემცირდა.

კობა გვენეტაძის თქმით, მოკლევადიან პერიოდში, შესაძლოა, ამან გარკვეული გავლენა იქონიოს, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად დადებითი შედეგი ექნება.

„ეს არ არის რეგულაცია, ეს არის ის დროებითი წესი, რომელიც ამოქმედდა, რომელიც შემოსავლის შეფასების გარეშე სესხების გაცემის ლიმიტს გულისხმობს, კაპიტალის 25%-თან დაკავშირებით.

მიდგომა არის ასეთი, რომ სესხის გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსესხებლის შემოსავლის შეფასება მოხდება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აღნიშნული პრინციპი აბსოლუტურად ჯანსაღია, რაც დადებით შედეგს მოიტანს.

„ეს არის აბსოლუტურად ჯანმრთელი პრინციპი. რაც შეეხება გავლენას, შესაძლებელია, ამას მოკლევადიან პერიოდში გარკვეული გავლენა ჰქონდეს. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად დადებითი შედეგი ექნება.

პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა. სესხების გაცემა უნდა მოხდეს მსესხებლის შემოსავლების შეფასების და დადასტურების შემთხვევაში“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდათ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.