კობა გვენეტაძე - რეგულაციების ტექნიკური გამარტივება შესაძლოა, მარტიდან დაიწყოს, თუმცა ვაგრძელებთ პრინციპს, რომ დაკრედიტება გადახდინურანიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა მოხდეს
კობა გვენეტაძე - რეგულაციების ტექნიკური გამარტივება შესაძლოა, მარტიდან დაიწყოს, თუმცა ვაგრძელებთ პრინციპს, რომ დაკრედიტება გადახდინურანიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა მოხდეს

ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციების შერბილებაზე ჯერ კიდევ მუშაობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოსალოდნელი ცვლილებების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ სესხის მომსახურების კოეფიციენტები, რომელიც ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი, ორამდე შემცირდება.

ასევე უცნობია, როდის ამოქმედდება ახალი წესები. გვენეტაძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გადის.

„რეგულაციების ტექნიკური გამარტივებისთვის ჯერ კიდევ გარკვეული დრო გვჭირდება. მარტიდან შერბილება შესაძლებელი იქნება, მაგრამ ჯერ კონკრეტულ დეტალებს გავდივართ. ვფიქრობ, ეს ტექნიკური გამარტივება ამ რეგულაციას უფრო მოქნილს გახდის, შეამცირებს ბიუროკრატიულ ტვირთს. ამასთანავე, ეროვნული ბანკი გააგრძელებს იმ პრინციპს, რომ დაკრედიტება მსესხებლების გადახდინურანიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა მოხდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჭარბვალიანობის შემცირებისა და ფინანსური სტაბილურობის რისკების თავიდან აცილების კუთხით“, – განაცხდა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეგულაციის შედეგებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ საკრედიტო პორტფელი დაახლოებით 15 პროცენტით გაიზარდა, ამასთანავე 2019 წლის ბოლოს დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

,,გასული წელი იყო საკმაოდ კარგი, საკრედიტო პორტფელის ზრდამ 15 პროცენტს მიაღწია. საკმაოდ დიდი იყო ზრდა კორპორაციულ სექტორში – 30 პროცენტი, მცირე და საშუალო ბიზნესი – 18 პროცენტი და საცალო სესხები – 5 პროცენტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თუ 2018 წლის ბოლოს მთელ საკრედიტო პორტფელში კორპორაციული სესხების წილი 31 პროცენტი იყო, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 34 პროცენტამდე გაიზარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი – 24,9 პროცენტიდან 25,5 პროცენტამდე, ხოლო საცალო სესხების წილი 44 პროცენტიდან 40 პროცენტამდე შემცირდა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე კორპორაციული სექტორები უფრო მეტ დამატებით ღირებულებასა და სამუშაო ადგილებს ქმნიან“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, მისი თქმით,  საცალო სესხებში იპოთეკური სესხების ზრდა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13 პროცენტი იყო, ხოლო აქედან ლარში გაცემული იპოთეკური სესხები გაორმაგდა.

საბანკო რეგულაციები 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, გამკაცრდა სესხის გაცემის პირობები, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხი აღარ გაიცემა, ამასთანავე განისაზღვრა ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით კრედიტის მომსახურების კოეფიციენტები, რომელიც ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე შემოსავალი, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი.

დატოვე კომენტარი