ვახტანგ ბუცხრიკიძე - დაკრედიტების წესში ცვლილებით, მოქალაქეები სესხს უფრო მარტივად აიღებენ, შესაძლოა, სამომხმარებლო სესხების რაოდენობა 5-10 პროცენტით გაიზარდოს
ვახტანგ ბუცხრიკიძე - დაკრედიტების წესში ცვლილებით, მოქალაქეები სესხს უფრო მარტივად აიღებენ, შესაძლოა, სამომხმარებლო სესხების რაოდენობა 5-10 პროცენტით გაიზარდოს

სესხების გაცემის წესში ცვლილებები ფიზიკური პირების დაფინანსების გამარტივებას გამოიწვევს, მოქალაქეებს სესხის აღება უფრო მარტივად შეეძლებათ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებებზე ეროვნულ ბანკთან კომერციული, მათ შორის „თიბისი ბანკის“ ჩართულობით მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობდა.

„ეს ცვლილებები გამოიწვევს, რომ ფიზიკური პირების დაფინანსება უფრო გამარტივდება და ზოგადად, ადამიანებს უფრო მარტივად შეეძლებათ სესხების აღება. აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლებსაც ალბათ ხაზი უნდა გაესვას. პირველ რიგში, ლარში იპოთეკურ სესხებზე ვადის გახანგრძლივება მოხდება. თუ აქამდე მაქსიმუმ 15 წლიანი სესხები იყო, ეს ვადა 20 წლამდე გაიზრდება. ამავე დროს, ქართველები, რომლებიც უცხოეთში არიან დასაქმებული და მათ აქვთ უცხოურ ვალუტაში შემოსავლები, მათთვის გამარტივდება პირობები. თუ ადრე თანამონაწილეობა 40 პროცენტი იყო, ახლა 30 პროცენტამდე შეუმცირდებათ. კიდევ არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც ჯამურად გამოიწვევს იმას, რომ ადამიანებს უფრო გაუმარტივდებათ პროცედურულად სესხების აღება“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომერციულ ბანკებს მეტი თავისუფლება მიეცემათ და თავად განსაზღვრავენ წესებს, როგორ იყოს სესხის გაცემის პრინციპები.

ამასთან, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის თქმით, მოკლე ვადაში, სულ მცირე, წლის ბოლომდე ძირითადი გამოწვევა არის კორონავირუსი და გადაწყვეტილებები ამის საფუძველზე მიიღება.

„ყველა ვარიანტში, დღევანდელი ცვლილებები საშუალო ვადაში ფიზიკური პირების დაფინანსებაზე დადებით გავლენას მოახდენს. თუ გვერდზე გადავდებთ კორონავირუსის ეფექტს, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ ცვლილებების შემდეგ ზრდა სამომხმარებლო სესხებზე დაახლოებით შეიძლება, იყოს 5-დან 10 პროცენტამდე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ იქნება 2020 წელს, რადგან ძირითადი გამოწვევა წელს კორონავირუსი იქნება”, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებები „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულებაში სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის 2020 წლის 15 აპრილიდან შედის ძალაში.