გიორგი ცუცქირიძე - საბანკო რეგულაციების შერბილება ხელს შეუწყობს საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პოსტკრიზისულ პერიოდში კი, ეკონომიკის გაზრდილ პარამეტრებზე დაბრუნებას
გიორგი ცუცქირიძე - საბანკო რეგულაციების შერბილება ხელს შეუწყობს საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პოსტკრიზისულ პერიოდში კი, ეკონომიკის გაზრდილ პარამეტრებზე დაბრუნებას

„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანა დროულიც არის და ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც, – ამის შესახებ ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემის წესის გამარტივებაზე.

ამასთან, ექსპერტის შეფასებით, კარგია, რომ რეგულაციების ცვლილების მიზანი წესებზე დამყარებული მიდგომიდან პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლაა, როგორც ეს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა.

„აქვე მსურს, ავღნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გასული წლის მეორე ნახევარში დააყენა საკითხი საბანკო რეგულაციების გადახედვაზე და წლის დასაწყისში რომ ამოქმედებულიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ამ რეგულაციის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი კი, გადახდისუნარიანი მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა იყო. პირველ რიგში, ეს მაღალ შემოსავლიან პირებს და იპოთეკურ დაკრედიტებას ეხება, რაც ნეგატიურად ზემოქმედებდა ეკონომიკურ ზრდაზე და სამშენებლო სექტორზე. ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისთვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება, ხოლო იმ პირებისათვის ვინც შემოსავალს სხვა ქვეყნებში იღებს, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, მისასალმებელია, რომ გასწორდა და შეიცვალა მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი და და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლებათ, თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვრონ შემოსავლის დადგენის პრინციპი. ექსპერტის თქმით, ამის გამო დაკრედიტების მექანიზმები ზედმეტად ბიუროკრატიული და მოუქნელი იყო.

გიორგი ცუცქირიძე ასევე პოზიტიურად აფასებს სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) ლიმიტის ცვლილებას, რომელიც ახალი რედაქციით იმ მაქსიმალურ პერიოდზე დაითვლება, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება, სესხის ვადის გაგრძელება, ხოლო კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა, ოთხიდან ორამდე მცირდება.

„კერძოდ, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავალი დაითვლება 1000 ლარამდე და 1000 ლარის ზევით, ხოლო ლარში ზღვარი 50% აიწევს. ამავე დროს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული რჩება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც სავალუტო რისკისგან მსესხებლის დაცულობას ემსახურება“, – აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, საბანკო რეგულაციების შერბილება, შექმნილ არაორდინალურ სიტუაციაში, რაც დიდწილად კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად გლობალური შოკის შედეგია, ხელს შეუწყობს საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ეკონომიკის და შიდა მოთხოვნის სტიმულირების თვალსაზრისით და მთლიანად ეწერება ეკონომიკის მხარდამჭერ სამთავრობო სტრატეგიაში, რომლის მიზანიც არის გლობალური შოკისას დანაკარგების მაქსიმალურად შემცირება.

„პოსტკრიზისულ პერიოდში კი, ამან ეკონომიკის გაზრდილ პარამეტრებზე დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი“, – განაცხადა ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებები „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულებაში სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ძალაში შედის 2020 წლის 15 აპრილიდან.

დატოვე კომენტარი