საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „პეივ ბანკ ჯორჯიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „პეივ ბანკ ჯორჯიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებისა და შესაბამისი საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „პეივ ბანკ ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, შეთანხმება ეფუძნება ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ძირითად პრინციპებს და ითვალისწინებს ფინანსური განათლების პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, ფინანსური განათლების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„კერძო სექტორთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ფინანსური განათლების პროგრამები უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ და საზოგადოებაში პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის კულტურის გაძლიერებას შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა მიქაბაძემ.

ამასთან, „პეივ ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის, სალიმ დჰანანის თქმით, ციფრული ფინანსების სწრაფი განვითარების ფონზე ფინანსური განათლების მნიშვნელობა მომავალი თაობებისთვის სულ უფრო იზრდება და საამაყოა საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობა.

„ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია, ახალგაზრდები მოვამზადოთ გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. „პეივ ბანკი“ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ფინანსური განათლების მხარდაჭერას“, – აღნიშნა სალიმ დჰანანიმ.