დაკრედიტების რეგულაცია მარტივდება, ეროვნული ბანკი ამის შესახებ ხვალ „ფეისბუქის“ საშუალებით განაცხადებს
დაკრედიტების რეგულაცია მარტივდება, ეროვნული ბანკი ამის შესახებ ხვალ „ფეისბუქის“ საშუალებით განაცხადებს

ეროვნული ბანკი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივების შესახებ ხვალ განაცხადებს. ამასთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებისა და მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული გულისხმობს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა ექნებათ. მათ შორის, შემცირდება სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების ოდენობა.

„აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს“, – აცხადებს ეროვნული ბანკი და აღნიშნავს, რომ უფრო დეტალურად პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

ამასთან, უწყება ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს რეგულაციის გამარტივების შესახებ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ცვლილების შესახებ საზოგადოებას  ინფორმაცია ელექტრონული/ონლაინ პლატფორმების/არხების საშუალებით მიაწოდოს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ხვალ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ (Facebook) საშუალებით, ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და უპასუხებს პირდაპირი ჩართვის დროს დასმულ კითხვებს.

ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე – fb.com/NationalBankofGeorgia პირდაპირი ეთერი ხვალ 12:00 საათზე დაიწყება.