საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დღეს კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრა ეროვნული ბანკის ინიციატივით გაიმართა.
ბანკის ინფორმაციით, კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების პირველადი არასრული მონაცემები გაუზიარა, რომლის დინამიკაც ეროვნული ბანკის მოლოდინებთან შესაბამისია.
კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აგრძელებს დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს ცვლილებებს ისე, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საცალო დაკრედიტების რეგულირება საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, მისი თქმით, ხაზგასასმელია, რომ საცალო დაკრედიტების რეგულირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხორციელდება. ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა – ლიეტუვა, უნგრეთი, შვედეთი, დანია, ჩეხეთი, ესტონეთი და სხვა.