კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აფასებს
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აფასებს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აფასებს.

კოალიციის განცხადებაში დეტალურადაა განხილული შერჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ შორის საბჭოს შემადგენლობა, პირველი კენჭისყრა, გასაუბრებები, დასმული კითხვები, მეორე კენჭისყრა და სხვა შესაბამისი პროცესი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც თითქმის ოთხი თვე გაგრძელდა და 2019 წლის 4 სექტემბერს დასრულდა.

კოალიცია გასაუბრების პროცესის ღიაობასა და საჯაროობას ცალსახად დადებითად აფასებს, რადგან მისი შეფასებით, ფართო საზოგადოებისთვის შესაძლებელი გახდა სასამართლო სისტემაში არსებული რეალური სიტუაციის ნათლად დაენახვა, როგორც მოქმედ მოსამართლეთა, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კომპეტენციისა და მათი კეთილსინდისიერების შეფასება.

ამასთან, კოალიცია აღნიშნავს, რომ კონკურსი არ იყო წარმომადგენლობითი იურიდიული პროფესიების მონაწილეობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით შეიმჩნეოდა პასიურობა ადვოკატთა კორპუსისა და აკადემიური წრეების მხრიდან.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პარლამენტის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მიმდინარეობდა, თუმცა პრობლემა თავად საკანონმდებლო მოწესრიგების მიმართულებით იყო. ხელისუფლებამ, კანონმდებლობის შემუშავების ეტაპზე არ აჩვენა პოლიტიკური ნება, რომ კონკურსისას მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი გარემო შექმნილიყო, რათა შესაძლებელი გამხდარიყო პარლამენტისთვის ღირსეული კანდიდატების წარდგენა. ხელისუფლებამ ამ პროცესში არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც კი. საბოლოოდ, შექმნილი საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში შესაძლებელი გახდა სიის იმგვარად ფორმირება, რომელიც ძირითადად სასამართლოში არსებულ გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა“, – აღნიშნულია შეფასებაში.

კოალიციის ინფორმაციით, პროცესის მიმდინარეობისას არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა, რასაც საბჭო უგულებელყოფდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს ორი მოსამართლე წევრის, თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას აცილების ცალსახა საფუძველი იყო, კონკურსში მათი ახლო ნათესავების მონაწილეობის გამო, მათ თვითაცილება არ განაცხადეს. პროცესს არ ჩამოშორდა ასევე საბჭოს კიდევ ერთი, ამჯერად არამოსამართლე წევრი, ზაზა ხარებავა. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ იგი არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნა წარდგენილი 2017 წელს პარლამენტში, რაც მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პირდაპირი საფუძველია, მან კონკურსში მონაწილეობა გააგრძელა. ეს ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ საბჭოს ამ სამი წევრის კონკურსს ჩამოშორებით, მნიშვნელოვნად უმცირდებოდათ ძალაუფლება სისტემაში არსებულ გავლენიან მოსამართლეებს და შესაძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება ერთგვარი კონსესუსით მომხდარიყო, მათ შორის, საბჭოში კრიტიკულად განწყობილი არამოსამართლეების მონაწილეობით, რაც საბოლოოდ ამცირებდა სიის იმგვარად ფორმირების შანსებს, როგორც ეს 4 სექტემბერს მოხდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის შეფასებით, საბჭომ კანდიდატების ნომინირების შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ სათანადოდ არ დაინტერესდა და არ გამოიკვლია, მათ შორის, მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ირგვლივ არსებული კითხვები.

„საბოლოოდ, 20 კაციანი სიის ფორმირება მოხდა იმგვარად, რომ თავდაპირველი 10 კაციანი პრობლემური სიის ნაწილი მასში ისევ მოხვდა და ამ სიას გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილის სახელები და გვარები დაემატა. ამ სიის შემადგენლობის დიდ ნაწილზე პროგნოზები წინასწარვე კეთდებოდა. სიაში ძირითადად სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეები ან მათთვის მისაღები კანდიდატები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ. სიაში მოხვდნენ ასევე ისეთი მოსამართლეები, რომელთა საქმიანობის მიმართ არაერთი კითხვა არსებობს, მათ შორის, შესაძლო კორუფციის მიმართულებითაც“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია მიუთითებს, რომ კანდიდატთა შერჩევის პროცედურის მიმდინარეობისას მრავალი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, რომლებიც განცხადებაში დეტალურადაა აღწერილი, ასევე მოცემულია გასაუბრებების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია.

კოალიცია აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში, ხელისუფლებამ კანონმდებლობის შემუშავების ეტაპზე არ აჩვენა პოლიტიკური ნება, რომ მას უზენაესი სასამართლოს ღირსეული და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება სურდა. წარდგენილი 20 კაციანი სიის საბოლოოდ დამტკიცებით იზრდება ხელისუფლებისა და გავლენიანი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში გაძლიერების რისკი, რაც საბოლოოდ ჩიხში შეიყვანს ქვეყანაში ღირსეული მართლმსაჯულების შექმნის პერსპექტივას.