კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ - მმართველი პარტია განაგრძობს „კლანის“ მხარდაჭერას, სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდათ
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ეხმაურება და უარყოფითად აფასებს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის არჩევას.
როგორც კოალიციაში ცხადებენ, ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის გასაუბრებებმა აჩვენა, რომ ისინი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს და მათი არჩევა „კლანის“ პოზიციებს გაამყარებს.
ამასთან, კოალიციის განცხადებით, მათ მიერ მხარდაჭერილმა ვერცერთმა კანდიდატმა კენჭისყრაზე ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.
„კოალიცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ 17 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის არჩევას. 2021 წლის ივნისის შემდეგ, თითქმის ორი წელია, საბჭო ათი წევრის შემადგენლობით, ხუთი არამოსამართლე წევრის გარეშე მუშაობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, საბჭოს სიღრმისეულ რეფორმასთან ერთად, გათვალისწინებულია კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებშიც. საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი აქტორები ხშირად მოუწოდებდნენ პარლამენტს საბჭოს, არამოსამართლე წევრებად დაენიშნათ მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირები, ფართო პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე.
პარლამენტმა 2022 წლის ოქტომბერში გამოაცხადა არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსი, სადაც 32 კანდიდატი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ხუთი კანდიდატი, რომლებიც კოალიციაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარადგინეს. კოალიციის მიერ მხარდაჭერილმა ვერცერთმა კანდიდატმა კენჭისყრაზე ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.
არამოსამართლე წევრები საბჭოში უნდა უზრუნველყოფდნენ სასამართლოს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების მიმართ. პრაქტიკა აჩვენებდა, რომ ზოგიერთი არამოსამართლე წევრი ხელს უწყობდა და აძლიერებდა „კლანს“, მაგრამ, მეორე მხრივ, განსხვავებულ აზრებს სწორედ არამოსამართლე წევრები აჟღერებდნენ. იმ პირობებში, როცა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა კრიტიკულად დაბალია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თანამდებობაზე არჩეულიყვნენ პირები, რომლებიც სწორად აიდენტიფიცირებდნენ სასამართლო სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემას – კლანურ მმართველობას.
ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის გასაუბრებებმა აჩვენა, ისინი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს. შესაბამისად, მათი არჩევა საბჭოში მოცემულობას ვერ შეცვლის და „კლანის“ პოზიციებს გაამყარებს.
დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს „კლანის“ მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდათ. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა იმდენად, რამდენადაც, იგი დააზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს არჩეულ კანდიდატებს, არ აქვთ სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების რეალური პოლიტიკური ნება და ფუნდამენტური რეფორმების ხედვა“, – აცხადებენ კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.
ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, ხელახლა უყრიან კენჭს.