პაატა კვიჟინაძე - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები კონსულტაციების საფუძველზე უნდა აირჩნენ, ერთადერთი გზაა კონსულტაციის გამართვა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები კონსულტაციების საფუძველზე უნდა აირჩნენ.
კვიჟინაძის თქმით, სწორედ კონსულტაციების არარსებობა გახდა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურებისთვის მხარის არდაჭერის მიზეზი.
„პარტიის ლიდერმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება. როგორც ყველა ევროპულ და ამერიკულ ქვეყანაშია, ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოხდეს კონსულტაციები. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება, კანდიდატები წარადგინოს, მაგრამ ჩვენც გვაქვს კონსტიტუციური უფლება, არ დავამტკიცოთ. არსად, არცერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ მე წარვადგინე და რაც გინდათ, ის ქენით. აუცილებლად უნდა გაიმართოს კონსულტაციები და საბჭოს წევრები ამ კონსულტაციების საფუძველზე უნდა აირჩნენ. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი. ვამბობთ, რომ კანდიდატები პროფესიონალები არიან. ისინიც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ პრეზიდენტმა არ წარმოადგინა. ამიტომ ერთადერთი გზაა, გაიმართოს კონსულტაცია“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.
საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, გიორგი ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს მხარი არ დაუჭირეს და პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატები ჩავარდა.