კლიმატის ცვლილების გამო, ალპების თოვლით დაფარული მწვერვალები თანდათან მწვანდება — #1tvმეცნიერება
კლიმატის ცვლილების გამო, ალპების თოვლით დაფარული მწვერვალები თანდათან მწვანდება — #1tvმეცნიერება

თოვლით დაფარული ალპების სახელგანთქმული მწვერვალები სწრაფად ხუნდება და მცენარეულობით იფარება. ახალი კვლევის მიხედვით, „გამწვანების“ პროცესი კლიმატის ცვლილებამ ააჩქარა.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევა 38 წლის განმავლობაში ევროპის ამ ცნობილი მთათა სისტემის შესახებ შეგროვებულ თანამგზავრულ მონაცემებს ეფუძნება.

„გულწრფელად ძალიან გაგვიკვირდა გამწვანების ამხელა ტენდენციის აღმოჩენა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბაზელის უნივერსიტეტის ეკოლოგი საბინ რამპფი.

გამწვანება კარგად ცნობილი ფენომენია არქტიკაში, მაგრამ ამ დრომდე, მთიან რეგიონებში კარგად დამკვიდრებული არ იყო.

თუმცა, რადგან ორივე პოლუსი და მთები იმაზე სწრაფად თბება, ვიდრე დანარჩენი პლანეტა, მკვლევრები ასეთივე ეფექტზე ეჭვობდნენ.

ანალიზებისთვის, მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მაღლა არსებული რეგიონები, რათა გამოერიცხა სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ზონები. ასევე გამორიცხეს ტყიანი ზონები და მყინვარები.

კვლევამ 1984-დან 2021 წლამდე მონაცემები მოიცვა და დაასკვნა, რომ შესწავლილი რეგიონების თითქმის 10 პროცენტში, ზაფხულობით თოვლი აღარ იყო.

რამპფი შენიშნავს, რომ თანამგზავრულ ფოტოებს მხოლოდ თოვლის არსებობის ან არარსებობის დადასტურება შეუძლია — მაგრამ დათბობის პირველი ეფექტი თოვლის საფარის სიღრმის შემცირებაა, რაც კოსმოსიდან არ ჩანს.

შემდეგ, ქლოროფილის რაოდენობის დაფიქსირების მიზნით მკვლევრებმა ტალღის სიგრძის ანალიზს მიმართეს და მცენარეულობის საფარს შეადარეს; აღმოჩნდა, რომ შესწავლილ ზონაში, მცენარეთა ზრდა 77 პროცენტით არის გაზრდილი.

მანკიერი ციკლი

გამწვანება სამი სხვადასხვა გზით ხდება: მცენარეები იზრდებიან იმ ზონებში, სადაც იქამდე არ იყვნენ, ხელსაყრელი პირობების გამო იზრდებიან უფრო მაღლები და მკვრივად, და კონკრეტული სახეობები, რომლებიც როგორც წესი, დაბალ სიმაღლეებზე ხარობენ, უფრო მაღალ ზონებში ადიან.

„ამ ცვლილებებს კლიმატის ცვლილება მართავს. დათბობა ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ვეგეტაციის უფრო დიდი პერიოდები, უფრო კარგი პირობები მცენარეთა ზრდისთვის, შესაბამისად, მცენარეებს უფრო მეტად და სწრაფად ზრდა შეუძლიათ“, — ამბობს რამპფი.

მისივე განცხადებით, რაც უფრო თბება, მით უფრო მეტი ნალექი მოდის წვიმის და არა თოვლის სახით. ამას კი რამდენიმე საზიანო შედეგი აქვს.

პირველი ის, რომ სასმელი წყლის დიდი ნაწილი თოვლის დნობიდან მოდის. თუ წყალი თოვლის სახით არ შეინახება, სწრაფად გაქრება მდინარეების მეშვეობით.

შემდეგი ის, რომ ზიანდება კონკრეტულად ალპების გარემოს მორგებული სახეობები.

თოვლის გაქრობა აზიანებს ტურიზმის ინდუსტრიასაც, რაც ამ რეგიონის ეკონომიკის საკვანძო სექტორია.

მიუხედავად იმისა, რომ ალპების გამწვანებამ შეიძლება უფრო მეტი ნახშირბადი შთანთქას, უფრო სავარაუდოა, რომ უკუკავშირის შედეგებმა დათბობა კიდევ უფრო გააძლიეროს, გაადნოს გაყინული ნიადაგები.

თოვლი მზის რადიაციის დაახლოებით 90 პროცენტს აირეკლავს, მცენარეულობა უფრო მეტს შთანთქავს და ენერგიას უკან სითბოს სახით გამოასხივებს, რაც თავის მხრივ, უფრო ასწრაფებს დათბობას, თოვლის დნობას და განაპირობებს კიდევ უფრო მეტ მცენარეულობას: მანკიერი ციკლი.

მწვანეს შემდეგ ყავისფერი?

ალპების ზუსტი მომავლის პროგნოზირება შეუძლებელია.

„თოვლის თვალსაზრისით, ეს საკმაოდ მარტივია. უნდა ველოდოთ, რომ თოვლი სულ უფრო და უფრო გაქრება, განსაკუთრებით დაბალ სიმაღლეებზე“, — ამბობს რამპფი.

აქამდე, კიდევ ერთი ფენომენი, სახელად „გაყავისფრება“, რომლის დროსაც მიწა აღარც თოვლით არის დაფარული და აღარც მცენარეულობით — დაფიქსირებული იყო შესწავლილი ზონის მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებში.

ეს კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე არქტიკაში შემჩნეული ან ცენტრალური აზიის მთებში.

მას ორი ფაქტორი განაპირობებს: გვალვებს მოყოლილი ექსტრემალური წვიმები და მცენარეებისთვის თოვლის წლიური დნობის შედეგად გამოყოფილი წყლის ხელმისაწვდომობის შემცირება.

„არ ვიცით, მომავალში გაყავისფრება მოიმატებს თუ არა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბაზელის უნივერსიტეტის ეკოლოგი საბინ რამპფი.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.