ევერესტის უმაღლესმა მყინვარმა 2000 წლის განმავლობაში დაგროვებული ყინული 25 წელიწადში დაკარგა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ევერესტის უმაღლესმა მყინვარმა 2000 წლის განმავლობაში დაგროვებული ყინული 25 წელიწადში დაკარგა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

დედამიწაზე არსებული კლიმატის კრიზისი გავლენას ყველგან ახდენს — ზღვის სიღრმეებიდან დაწყებული, პლანეტის ყველაზე მიყრუებული ადგილებით დამთავრებული. ახალი კვლევის მიხედვით, ის ცვლილებებს იწვევს მსოფლიოს ყველაზე მაღალ წერტილებშიც.

ევერესტის უმაღლესი მყინვარის, სამხრეთ უნაგირას შესწავლის შემდეგ, მეცნიერები იუწყებიან, რომ გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად, იქ ყინულის დანაკარგები სულ უფრო იზრდება, თანაც, ყინული კიდევ უფრო დაუცველი და მოწყვლადი ხდება თოვლის თხელი საფარის გამო.

ქანების მოშიშვლება ევერესტზე ასვლას უფრო გაართულებს. უფრო შემაშფოთებელია პოტენციური გავლენა იმ ხალხზე, რომლებიც ამ მყინვარებზე არიან დამოკიდებული სასმელი და ტექნიკური წყლის მიწოდების თვალსაზრისით. კიდევ ერთი საშიშროებაა ზვავების რისკის ზრდა.

„ჰიმალაის კლიმატური პროგნოზები მიუთითებს, რომ გაგრძელდება დათბობა და მყინვარული მასის კლება; ადამიანის საქმიანობით გამოწვეული დათბობა ევერესტის მთის წვერსაც კი შეეხება“, — ამბობს კვლევის ავტორი, მენის უნივერსიტეტის გლაციოქიმიკოსი მარიუშ პოტოკი.

ამინდის სადგურებისა და ყინულის ნიმუშების მონაცემების გამოყენებით, რომლებიც მოიცავდა 8020 მეტრის სიმაღლეზე აღებულ ყინულსაც, მკვლევრებმა შექმნეს მოდელები, რომლებიც აჩვენებს, რომ ყოველწლიურად იკარგება ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვებული ყინული.

მკვლევართა განცხადებით, კრიტიკულია თოვლის საფარის დანაკარგი. სუბლიმაციისას, ანუ თოვლის პირდაპირ აორთქლების შედეგად, რაც კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული — კიდევ უფრო შიშვლდება მის ქვეშ არსებული ყინული და უკან უფრო ნაკლები რადიაცია აირეკლება. მკვლევართა შეფასებით, ყოველწლიურად იკარგება დაახლოებით 2 მეტრი ყინული.

„კვლევა პასუხობს კითხვას იმის შესახებ, ავლენს თუ არა გავლენას ადამიანის მიზეზით გამოწვეული კლიმატის ცვლილება პლანეტის უმაღლეს მყინვარებზე. პასუხი მკაფიოდ დადებითია“, — ამბობს მენის უნივერსიტეტის გლაციოლოგი პოლ მაიევსკი.

მკვლევართა მოდელის შეფასებით, ბოლო 25 წელიწადში მყინვარი დაახლოებით 55 მეტრით გათხელდა, რაც 80-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინა ორი ათასწლეულის განმავლობაში წარმოქმნილი ყინული. ევერესტზე ყველაზე ძლიერ ცვლილებები 1990-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ კლიმატის გათბობით გამოწვეული ძვრები იქ 1950-იანი წლებიდან მიმდინარეობს.

ამდენი თოვლისა და ყინულის დანაკარგის მიზეზად, ტემპერატურის ზრდის გარდა, მკვლევრები მიუთითებენ ფარდობითი ტენიანობის შემცირებასა და ქარების გაძლიერებასაც. თოვლი ამჟამად გაცილებით სწრაფად ქრება, ვიდრე მისი ხელახლა ჩანაცვლების მაჩვენებელია.

ის, რომ ეს მსოფლიოს უმაღლეს წერტილში ხდება, გამაფრთხილებელი ნიშანია მთელი მსოფლიოს მყინვარებისთვის, როცა ტემპერატურა ასე იმატებს. პროგნოზები მიუთითებს, რომ ტენდენცია მხოლოდ ერთი მიმართულებით წავა და ისე მაღლა მდებარე მყინვარიც კი, როგორიც სამხრეთ უნაგირაა, ამ საუკუნის შუა წლებში გაქრება — კიდევ ერთი მკვეთრი შემახსენებელი იმისა, როგორ სამუდამოდ ვცვლით პლანეტას.

კვლევა NPJ Climate and Atmospheric Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია umaine.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.