კიევის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე მსჯელობს
კიევის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, როცა ერთი დღის განმავლობაში მის საქმეზე სამი სასამართლო პროცესი წარიმართა.
„2014 წელს მე ჩამოვედი უკრაინაში, მივედი მაიდანზე, შემდეგ მე და პოროშენკო ერთად ვუჭერდით მხარს მიმდინარე პროცესებს, დავდიოდით ერთად საერთაშორისო შეხვედრებზე. შემდეგ, როგორც პოროშენკომ მიწოდა, მე ვიყავი დიდი რეფორმატორი. მე ნამდვილად გამიმართლა, რომ აქ ვარ. ყველაფერი კარგად იყო, სანამ მე არ ვთქვი, რომ არ მომწონს ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. დღეს კი სამი პროცესი მიმდინარეობს: პირველი – სააპელაციო სასამართლოში, მეორე – საქართველოში. როგორც ჩანს, საქართველოში ახლა გავახსენდით. ბოლო სასამართლო პროცესი კი ეს არის, სადაც ჩემი მოქალაქეობის აღდგენას ვითხოვ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მოსამართლეს განუცხადა, რომ თუ ის, როგორც მოსამართლე ვერ ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოროშენკოსგან არის დაკვეთილი, მაშინ მას რეალობის აღქმა არ ჰქონია.
„პოლიცია დამსდევს ქუჩაში, ასევე საემიგრაციო სამსახური, რომელიც კორუფციული და დამპალი სისტემაა. ვინმეს სჯერა, რომ ეს ყველაფერი დამთხვევაა? დამთხვევაა, რომ პუტინი ძალიან ნერვიულობს ამ ყველაფრის გამო?! რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს მთავრობა ერთ ხმაში მხოლოდ ერთ ადამიანზე საუბრობს – ეს არის უფულო და მოქალაქეობაჩამორთმეული მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
დღეს კიევის სააპელაციო სასამართლომ მთავარი პროკურატურის საჩივრის განხილვა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის მისჯის თაობაზე 11 იანვრისთვის გადადო. მიზეზად მოსამართლემ სასამართლოში მოწმეების არასაკმარისი რაოდენობა დაასახელა.