კიევის საპატრიარქოს პრესმდივანი - მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვიტა
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვიტა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიევის საპატრიარქოს პრესმიდვანი ევსტრატი წერს.
„პირველი ცნობები დღევანდელი მოლაპარაკებებიდან. პატრიარქმა კირილმა საწადელს ვერ მიაღწია“, – წერს კიევის საპატრიარქოს პრესმდივანი.
მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გავიდა მიტროპოლიტი ემანუილი და უთხრა, რომ შეხვედრაზე რუსეთის პატრიარქს აცნობეს: „მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიაში დაყოფის გადალახვისა და ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსნებთ, რომ რუსეთის პატრიარქი კირილი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად დღეს ჩავიდა.
ბერძნული მედიის ცნობით, ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა საუბარი მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის პატრიარქს შორის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.
მოსკოვის პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს შესთავაზა, ამ საკითხზე დიალოგი დაიწყოს.
„დიდი სიამოვნებით, მაგრამ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას (დამოუკიდებლობას) მიიღებს, ეს უკვე გადაწყვეტილია. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ სვლას“, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.