სერბეთის პატრიარქი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესიის მღვდელმსახურთა კიევ-პეჩერის ლავრიდან გაძევების გადაწყვეტილებას „სახელმწიფო ტერორს“ უწოდებს
სერბეთის პატრიარქი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესიის მღვდელმსახურთა კიევ-პეჩერის ლავრიდან გაძევების გადაწყვეტილებას „სახელმწიფო ტერორს“ უწოდებს

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პორფირემ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გააძევოს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესიის მღვდელმსახურები კიევ-პეჩერის ლავრიდან, „სახელმწიფო ტერორი“ უწოდა.

„უკრაინის მოქმედი სახელმწიფო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, ლავრიდან გააძევოს მიტროპოლიტი ონოფრე, სამონასტრო ძმები და სასულიერო აკადემია, წარმოადგენს სხვა არაფერს, თუ არა სინონიმს ეკლესიის მიმართ საშინელი სახელმწიფო ტერორისა და ასევე, მისი ძირითადი უფლებების, რელიგიური თავისუფლებისა და სინდისის თავისუფლების უხეშ დარღვევას“, – წერს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი.

ის უკრაინის ხელისუფლებას „ისტორიული წარსულის წაშლის“ მცდელობაში ადანაშაულებს.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი პორფირე არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

უკრაინის უმსხვილესმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც ომის დაწყებამდე „მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ სახელწოდებას ატარებდა, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ სახელწოდებიდან „მოსკოვის საპატრიარქო“ ამოიღო. ამ ეკლესიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მოსკოვთან კავშირი გაწყვიტეს, თუმცა უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ეკლესიის მღვდელმსახურებს პრორუსული განწყობები აქვთ.

ბოლო თვეებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბევრ ეპარქიაში ჩაატარა ჩხრეკა, ხოლო მარტში ხელისუფლებამ მათი კიევ-პეჩერის ლავრიდან გაძევება გადაწყვიტა.