„ბლუმბერგის“ ცნობით, პოლონეთმა ნატო-ს სთხოვა, შეისწავლოს უკრაინის თავზე რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი წევრი ქვეყნებისკენ მიფრინავენ

18:18, 25.11.2026

პოლონეთმა ნატო-ს უკრაინის საჰაერო სივრცეში იმ რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობის შესწავლის თხოვნით მიმართა, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნებისკენ მიფრინავენ.

ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ვარშავამ აღნიშნული ინიციატივა მას შემდეგ წამოაყენა, რაც გასულ კვირას პოლონეთის საჰაერო სივრცე სამმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ დაარღვია.

წყაროების ინფორმაციით, პოლონეთმა ეს საკითხი ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე დასვა. ინიციატივას რამდენიმე ქვეყანამ დაუჭირა მხარი, თუმცა განხილვას წინასწარი ხასიათი ჰქონდა და გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ინიციატივა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, რადგან მისი განხორციელება უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს თავდაცვით მოქმედებას გულისხმობს, რამაც შესაძლოა, ალიანსის წევრი ქვეყნები რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხის წინაშე დააყენოს.

მსგავსი