მაია ცქიტიშვილი - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ველოდებით საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას
მაია ცქიტიშვილი - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ველოდებით საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ველოდებით საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, მისთვის მისასალმებელია ნაბიჯები, რომლებიც მეგობარ ერს საშუალებას მისცემს, თავი დაიმკვიდროს, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.

„ეს, პირველ რიგში, საეკლესიო გადაწყვეტილებაა და საეკლესიო სფეროში ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება. მე, რა თქმა უნდა, ამ აზრსაც ვიზიარებ, თუმცა მეორე მხრივ, ჩემთვის მისასალმებელია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს მეგობარ ერს მისცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო დაიმკვიდროს თავი, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. ძირითადი გადაწყვეტილება ეკლესიას ეკუთვნის და ჩვენ ყველანი ველოდებით ეკლესიის გადაწყვეტილებას, მას შემდეგ როდესაც ისინი გაეცნობიან იმ პირობებს, რომელიც ავტოკეფალიის მინიჭების დროს იქნა გაჟღერებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი მიმდინარე წლის 6 იანვარს გადასცა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომა გასული წლის 27 დეკემბერს გაიმართა. როგორც სხდომის შემდეგ მღვდელმთავრებმა განაცხადეს,  27 დეკემბრის სხდომაზე უკრაინის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდებოდა.