შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღებას ულოცავს
შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღებას ულოცავს

შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღებას ულოცავს და აცხადებს, უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას იმსახურებს. მეუფე იოსების მილოცვის ტექსტს შემოქმედის ეპარქია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

„ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია, ავტოკეფალური ეკლესია იყვეს, რამეთუ იგი საუკუნეები იბრძოდა, მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. აგრეთვე, მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს“, – ნათქვამია მეუფე იოსების განცხადებაში.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი მიმდინარე წლის 6 იანვარს გადასცა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომა გასული წლის 27 დეკემბერს გაიმართა. როგორც სხდომის შემდეგ მღვდელმთავრებმა განაცხადეს,  27 დეკემბრის სხდომაზე უკრაინის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდებოდა.