კიდევ ერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ სიცოცხლისთვის საჭირო ქიმიური ნაერთები დედამიწაზე კოსმოსიდან მოხვდა — #1tvმეცნიერება
დაზუსტებით ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ აღმოცენდა დედამიწაზე პირველი სიცოცხლე. ერთ-ერთი ვერსიით, სიცოცხლისათვის საჭირო „სამშენებლო ბლოკები“ აქ კოსმოსიდან მოვიდა; ნახშირბადით მდიდარ რამდენიმე მეტეორიტზე ჩატარებული ახალი კვლევა ამ მოსაზრებას დამატებით წონას სძენს.
ამ მეტეორიტებზე უკიდურესად მგრძნობიარე ანალიზის ახალი მეთოდის გამოყენებით, იაპონიის ჰოკაიდოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დააფიქსირა ორგანული ნაერთები, რომლებიც ქმნიან ნუკლეინის მჟავის მოლეკულათა იმ საყრდენს, რომელიც სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ყველა ფორმისთვის საერთოდ — დნმ-ს და რნმ-ს.
მკვლევრებმა ნახშირბადით მდიდარი სამი მეტეორიტი შეისწავლეს: მურჩისონის მეტეორიტი, რომელიც ავსტრალიაში 1969 წელს ჩამოვარდა; მიურეის მეტეორიტი, რომელიც კენტუკის შტატში 1950 წელს ჩამოვარდა და ტაგიშის ტბის მეტეორიტი, რომელიც 2000 წელს ჩამოვარდა კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტეორიტები ჩვენს პლანეტას საკმაოდ ახლო წარსულში დაეცა, ისინი ნამდვილად უძველესი კოსმოსური ქვებია, სავარაუდოდ, მზის სისტემის ადრეულ ეტაპზე წარმოქმნილი.
ნახშირბადით მდიდარი მეტეორიტები ორგანულ ნაერთთა საგანძურია. როდესაც საქმე ეხება დედამიწაზე დნმ და რნმ მოლეკულების გაჩენას, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ნაერთები, სახელად აზოტოვანი ფუძეები — ნაჭრები, რომლებიც ერთიანდება და წარმოქმნის გენეტიკური ინფორმაციის გრძელ ჯაჭვს.
არსებობს აზოტოვანი ფუძეების ორი ძირითადი კლასი: პირამიდინები და პურინები. ანალიზის მეთოდის წარმოუდგენელი მგრძნობიარობის წყალობით, ახალი კვლევის ავტორებმა მეტეორიტის ნიმუშებში დააფიქსირეს რამდენიმე პირამიდინი, რომელთა დაფიქსირებაც აქამდე ვერ ხერხდებოდა.
„მურჩისონის მეტეორიტიდან აღებულ ორივე ნიმუშში დავაფიქსირეთ პირამიდინი აზოტოვანი ფუძეების ფართო მრავალფეროვნება და მათი სტრუქტურული იზომერები, რომელთა უმეტესობაც აქამდე მეტეორიტებში დაფიქსირებული არ იყო“, — წერენ კვლევის ავტორები პუბლიკაციაში.
ექსპერიმენტები, რომლებშიც კოსმოსური მასალების შემცველობის სიმულირება მოახდინეს, მიუთითებს კოსმოსში სხვადასხვაგვარი აზოტოვანი ფუძეების არსებობას, რაც მკვლევართა განცხადებით იმას ნიშნავს, რომ ამ კლასის ორგანული ნაერთები საყოველთაოდ უნდა იყოს წარმოდგენილი არამიწიერ გარემოში, როგორც მზის სისტემაში, ისე მის მიღმა.
რატომ არის ეს ნაერთები ასე მნიშვნელოვანი? დნმ-ის და რნმ-ის ხვეულებს აქვთ სტრუქტურული „ხერხემალი“, რომელიც შაქარ-ფოსფატური ჯაჭვისგან შედგება. აზოტოვანი ფუძეები თავად ეკვრიან ამ შაქრებს; დნმ-ში ისინი სპეციფიკური გზით წყვილდებიან და სპირალის ფორმის „კიბეებს“ წარმოქმნიან.
პურინი და პირამიდინი აზოტოვანი ფუძეები დნმ-ში ყოველთვის ერთმანეთს უკავშირდება, რისი მიზეზიც არის მათი სტრუქტურა და წყალბადის ბმების ის ტიპები, რომელთა წარმოქმნაც მათ შეუძლიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პურინი და პირამიდინი აზოტოვანი ფუძეების პროპორცია დნმ-ის მოლეკულაში ყოველთვის მუდმივია.
ეს აზოტოვანი ფუძეები ფოტოქიმიურ რეაქციათა მეშვეობით უნდა წარმოქმნილიყო კოსმოსში არსებულ მრავალ სხვადასხვა სხეულში, მზის სისტემის წარმოქმნამდეც კი.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 4 – 3,8 მილიარდი წლის წინ, ადრეული დედამიწის გვიანდელი, მძიმე ბომბარდირების პერიოდში, მეტეორიტული დარტყმების მეშვეობით ჩვენს პლანეტაზე ამ სამშენებლო ბლოკების ფართო მრავალფეროვნება უნდა მოხვედრილიყო.
„შესაბამისად, მიჩნეულია, რომ ასეთ ორგანულ ნივთიერებათა შემოდინებას მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა დედამიწის პირველყოფილი ეტაპის ევოლუციაში“, — წერენ მკვლევრები.
უახლოეს წლებში ამ საკითხზე უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ, რადგან ასტეროიდ ბენუდან და რიუგუდან ჩამოტანილი ნიმუშები არამიწიერ მასალათა შესწავლის ახალ შესაძლებლობას გვთავაზობს.
დაუბინძურებელ ნიმუშთა კვლევა მეცნიერებს უფრო დამაჯერებელ დასკვნებს მისცემს იმის შესახებ, მოხვდა თუ არა ეს მოლეკულები აქ მეტეორიტთა მეშვეობით. სხვა რა დაგვრჩენია, დაველოდოთ.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.