კიბერთავდასხმის გამო, მსოფლიოს ორმა უმძლავრესმა ტელესკოპმა მუშაობა შეაჩერა — #1tvმეცნიერება
კიბერთავდასხმის გამო, მსოფლიოს ორმა უმძლავრესმა ტელესკოპმა მუშაობა შეაჩერა — #1tvმეცნიერება

რამდენიმე კვირის წინ, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) მკვლევრებმა კიბერუსაფრთხოების ინციდენტი დააფიქსირეს; მას შემდეგ, მათი რამდენიმე ტელესკოპი დღემდე გათიშულია.

ჩრდილოეთ ჯემინის ტელესკოპი ჰავაიზე, სამხრეთ ჯემინის ტელესკოპი ჩილეში და რამდენიმე პატარა ტელესკოპი ჩილეს სერო-ტოლოლოს მთაზე, უსაფრთხოების მიზნით გათიშეს. უცნობია, როდის განახლდება მათი მუშაობა.

პირველი აგვისტოს დილას, NSF-ის ლაბორატორია NOIRLab-ის IT სამსახურმა კომპიუტერულ სისტემაში საეჭვო მოქმედება აღმოაჩინა; ამის გამო, უსაფრთხოების მიზნით, ორგანიზაციამ ჰავაის ვულკან მაუნა-კეაზე განთავსებული 8,1-მეტრიანი ტელესკოპის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.

ტელესკოპის სამხრეთელ „ტყუპისცალს“ ჩილეს ანდებში, ისედაც სარემონტოდ ამზადებდნენ და შესაბამისად, მის შემთხვევაში საქმე უფრო მარტივია.

უცნობია, მიადგა თუ არა ტელესკოპებს რაიმე საფრთხე, მაგრამ რეალობა ის არის, რომ მეცნიერება ძვირად ღირებული საქმეა და ასტრონომიული კვლევების ინფრასტრუქტურა მოვლისთვის წლიურად მილიონებს მოითხოვს.

ტელესკოპების ყოველი გათიშული დღე სამეცნიერო საზოგადოებას ძვირი უჯდება. არა მხოლოდ ფინანსების, არამედ მონაცემების თვალსაზრისითაც.

ასტრონომიული კვლევები ხშირად დროში ზუსტად გაწერილ ოპერაციებს მოითხოვს; შესაბამისად, თუკი კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაკვირვების ზუსტი ფანჯარა ჩავარდა, შეიძლება მთლიანი პროექტი ჩავარდეს.

ასტრონომიულ ობიექტებზე განხორციელებული კიბერთავდასხმები უცხო არ არის.

მაგალითად, 2022 წლის ოქტომბერში, ჰაკერები VPN-ის საშუალებით მისწვდნენ ჩილეში მდებარე გიგანტურ ობსერვატორია ALMA-ს, რამაც მისი რამდენიმე თვით გაჩერება გამოიწვია; დანაკარგი დღეში დაახლოებით 250 000 აშშ დოლარი იყო.

კიბერთავდასხმა სავარაუდოდ ობსერვატორიის ოპერატორთა კონსორციუმისგან გამოსასყიდის მიღების მიზნით მოხდა.

რამდენიმე წლის წინ, NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიაში, კომპიუტერებზე მიერთებული არაავტორიზებული Raspberry Pi უკანონოდ მისწვდა Deep Space Network-ს, რის გამოც, ჯონსონის კოსმოსურმა ცენტრმა საკუთარი მისიის სისტემები ჭიშკრიდან საერთოდ გათიშა.

სამყაროს შემსწავლელი სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ზომა და კომპლექსურობა სულ უფრო იზრდება; იზრდება პროექტების მასშტაბებიც და შესაბამისად, საჭირო ხდება უფრო მეტი დაფინანსება საინფორმაციო ტექნოლოგიების დასაცავად, რადგან ამ ყველაფერთან ერთად, სულ უფრო დახვეწილი ხდება თავდასხმებიც.

ჯერჯერობით, მომხდარი ინციდენტის სავარაუდო მოტივთან დაკავშირებით NOIRLab-ი ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს.

„სრულიად შესაძლებელია, რომ თავდამსხმელმა არც იცოდა, რომ ობსერვატორიას უტევდა“, — ამბობს NSF-ის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ფონ ველჩი.

მომზადებულია science.org-ის მიხედვით.