ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხინვალაში მდებარე ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხინვალაში მდებარე ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თხინვალის ეკლესია გეგმაში სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს.
„ეკლესიის ნანგრევები მოქცეულია ქვა-ღორღის უზარმაზარი ხელოვნური ბორცვის ქვეშ და მხოლოდ გეგმის დონეზე იკითხება. ეკლესია გეგმაში სწორკუთხაა და დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდათი. ეკლესიის ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა, სამშენებლო ტაქნიკა, არქიტექტურული დეტალები მიუთითებენ, რომ იგი X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს აგებული. ტბელ აბუსერისძის ნაშრომის მიხედვით ირკვევა, რომ თხილვანის იოანე მახარობლის ეკლესია ტბელის დას – დედოფალთ-დედოფალს ვანენს აღუდგენია. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1978-1979 წლებში. აღსანიშნავია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ტიმპანის ქვა, რომელიც დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. ქვაზე ამოტვიფრულია შვიდსტრიქონიანი წარწერა: „ქრისტე წმინდაო იოვანე მახარობელო, დაიცავენ სულითა და ხორცითა ერისთავთ-ერისთავი აბუსერი და დედოფალი ვანენი და ძე მათი ზაქარია და შვილნი მათნი და ყოველი ერი მათი და მოხაიშნე ექმენ დღეს ამისა სასჯელისა, ნუ დასჯი“. ეკლესია დანგრეულია თითქმის საძირკველის დონემდე, საარქივო მასალით ირკვევა, რომ შემორჩენილი იყო მხოლოდ აფსიდის მხარეს პერანგშემოცლილი ცოკოლი და კედლის წყობის ნაშთები, რაც დღეს აღარ იკითხება“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.