ხუან გუაიდო კარაკასში მრავალათასიან მიტინგზე მივიდა
ხუან გუაიდო კარაკასში მრავალათასიან მიტინგზე მივიდა

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო კარაკასის ცენტრში მრავალათასიან მიტინგზე მივიდა.

ვენესუელაში მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისა და დაპატიმრების საფრთხის მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნებულმა გუაიდომ მხარდამჭერებს მიმართა.

„ისინი ყველა ჩვენგანს ციხით, სიკვდილით ემუქრებიან. თუმცა მე ვეტყვი მათ, რომ ვერც დევნით და ვერც მუქარით ვერ შეგვაჩერებენ. ჩვენ აქ ვართ – უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, – განაცხადა ხუან გუაიდომ.

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი​ს თქმით, სამხედროების ნაწილმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ხუან გუაიდო ვენესუელაში ეკვადორიდან დაბრუნდა. იმის მიუხედავად, რომ მას ვენესუელას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, გუაიდო ლათინური ამერიკის ქვეყნებში ტურნეში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ვენესუელას ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდომ იანვრის ბოლოს ნიკოლას მადუროს რეჟიმი არალეგიტიმურად გამოაცხადა და თავი დროებით პრეზიდენტად დაასახელა.