მადრიდში ხუან გუაიდოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
მადრიდში ხუან გუაიდოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

მადრიდში ათასობით დემონსტრანტმა ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარდასაჭერად აქცია გამართა. მათ თავად გუაიდო შეუერთდა, რომელიც ევროპულ ტურნეში იმყოფება.

ესპანეთის დედაქალაქში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხუან გუაიდომ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამარცხებაში.

„ჩვენ ვენესუელაში მოქმედი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავიბრუნოთ ვენესუელა, რადგან ერთად ვართ. ჩვენ გამოვაჯანმრთელებთ ვენესუელას“, – განაცხადა გუაიდომ.

აღსანიშნავია, რომ ხუან გუაიდოს არ შეხვედრია ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, რამაც მემარჯვენე ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, პრემიერის ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ მმართველ კოალიციაში შემავალი ულტრა-მემარცხენე „პოდემოსის“ წევრები.

ხუან გუაიდომ შეხვედრები გამართა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და მადრიდის მერთან.

ესპანეთი ბოლო ქვეყანაა, რომელსაც გუაიდო ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია. ევროპაში ვიზიტისას ის სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში და დაესწრო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დავოსში, რომლის ფარგლებშიც ემანუელ მაკრონსა და ბორის ჯონსონს შეხვდა.