ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა 1-ელ თებერვალს დაიწყება
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა 1-ელ თებერვალს დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა სასამართლოს შესავალი სიტყვით მიმართეს. სწორედ 1-ელ თებერვალს დაიწყება საქმეზე მოწმეების დაკითხვა.
პროკურორ ზვიად ფხაკაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ აღწერა თუ რა ვითარებაში მოხდა დანაშაულებრივი ქმედება ხორავას ქუჩაზე და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება კანონით დადგენილი წესით მოიპოვა.
„სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა შესავალი სიტყვა, ისაუბრა მომხდარის გარემოებებზე. აღწერა მომხდარის მიზანი, თუ რა ვითარებაში მოხდა დანაშაულებრივი ქმედება. მტკიცებულებები მოწმეთა ჩვენებებია და ასევე ექპერტიზის შედეგები. ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება კანონით დადგენილი წესით მოიპოვა“, – განაცხადა ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს ორი არასრულწლოვანი მოკლეს. ამ საქმეზე დაკავებულია ორი მოზარდი, რომლებსაც ჯგუფურად, განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.