ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნისა და 51-ე სკოლის პედაგოგის გამოკითხვა მიმდინარეობს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნისა და 51-ე სკოლის პედაგოგის გამოკითხვა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების გამოკითხვა გრძელდება.

როგორც პირველ არხის ჟურნალისტი იუწყება შსს-ში გამოკითხვაზე უკვე მივიდა ერთი არასრულწლოვანი მშობელთან ერთად და 51-ე სკოლის პედაგოგი.

არასრულწლოვნის მამის განცხადებით, მისი შვილი მკვლელობის შემსწრე არ არის.

„დაკითხვაზეა ჩემი შვილი დაბარებული. უშუალო შემსწრე არ არის. უბრალოდ იმ სიტუაციაში იყო. მკვლელობის შემსწრე არ არის და ჩხუბის დროს იქ არ მდგარა, მოშორებით იყო. რა ინფორმაციაც მაქვს, მანამდე არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. რა ინფორმაციაც ჰქონდა მანამდე ჩემს შვილს, იგივე ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, თავიდანვე გააჟღერებდა. ორჯერ ვიყავით დაკითხვაზე და ახლა კიდევ დაგვიბარეს“, – აღნიშნა არასრულწლოვნის მამამ.

51-ე საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგის ნარგიზ ჩხეიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა კითხვები აქვს გამოძიებას.

„გარდაცვლილები ჩემი მოსწავლეები იყვნენ და მე ისინი უკვე მოკლულები ვნახე. რა კითხვები აქვს გამოძიებას ჩემთან, ნამდვილად არ ვიცი“, – განაცხადა ნარგიზ ჩხეიძემ.

მოწმეები შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინაც გამოკითხეს. საგამოძიებო უწყებაში 51-ე საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე და ერთი პედაგოგი იმყოფებოდა. ხუთივე არასრულწლოვანი ინციდენტის პერიოდში ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა. მათი გამოკითხვა ექვს საათს გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ 1-ელ ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

მანამდე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

ამავე საქმეზე სასამართლომ განაჩენი 31 მაისს სხდომაზე დაადგინა.

სასამართლოს განმარტებით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში  – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.