არასრულწლოვნის ადვოკატი -  ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იგივე ჩვენება მისცა, რაც პროკურატურას, ახალი გარემოება არ გამოვლენილა
არასრულწლოვნის ადვოკატი -  ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იგივე ჩვენება მისცა, რაც პროკურატურას, ახალი გარემოება არ გამოვლენილა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე მოწმეების დაკითხვა დასრულდა. საგამოძიებო უწყებაში დღეს 51-ე საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე და ერთი პედაგოგი იმყოფებოდა. ხუთივე არასრულწლოვანი ინციდენტის პერიოდში ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა. მოზარდები შინაგან საქმეთა სამინისტროში მშობლებთან და ადვოკატებთან ერთად გამოცხადდნენ. მათი დაკითხვა 6 საათს გაგრძელდა. დაკითხვის შემდეგ, მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ადვოკატების განცხადებით, მათ გაუთქმელობის შეთანხმებაზე აქვთ ხელწერილი დადებული.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რომ ახალ გარემოებებთან დაკავშირებით სავარაუდოდ, შსს ისაუბრებს.

„როგორც იცით, გამოყოფილია ძირითადი მკვლელობის საქმიდან ცალკე სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გამოეკითხათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავახმოვანებ იმ დეტალებს, რაც გამოკითხვის დროს იყო. ახალ გარემოებებთან დაკავშირებით ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა თამარ აბესაძემ.

კიდევ ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის მარინა კაკაურიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იგივე ჩვენება მისცა, რაც პროკურატურას.

გაუთქმელობის ხელწერილზე მოგვაწერინეს ხელი, შესაბამისად, ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. კითხვები საქმის ირგვლივ იყო, რაზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უკვე ჰქონდა მიცემული ჩვენება. შემიძლია გითხრათ ის, რომ არანაირი ზეწოლა ჩვენ მიმართ არ ყოფილა. ჩვენ ვართ დაზარალებული სარალიძის მეგობარი, ამდენად ჩვენ მიმართ რაიმე განსხვავებული შეკითხვა არ ყოფილა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იგივე ჩვენება მისცა, რაც პროკურატურას, ამდენად, ახალი გარემოება ჩვენი გამოკითხვის დროს არ გამოვლენილა“, – განაცხადა მარინა კაკაურიძემ.