ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ვარაუდობს, რომ საქმეში არსებული დანების გარდა, მკვლელობის სხვა იარაღებიც არსებობს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ექსპერტებმა ვერ დააკონკრეტეს, საქმეში არსებული რომელი დანით რომელი ჭრილობაა მიყენებული. ის ვარაუდობს, რომ მკვლელობის სხვა იარაღებიც არსებობს.
ამასთან, ზაზა სარალიძის თქმით, ექსპერტმა დღეს ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ შეეშალა და დასკვნაში მეთერთმეტეს ნაცვლად, მე-13 ჭრილობა დაწერა.
„შესაძლებელია, ეს შეგნებულად დაწერა, შესაძლებელია – გულგრილად მოეპყრო საქმეს. გამოძიებაზე საკმაო ზეწოლა ხორციელდება, საკმაოდ ხლართავენ საქმეს ისე, როგორც თვითონ უნდათ. ექსპერტმა სასამართლოს ბოდიში მოუხადა იმასთან დაკავშირებით, რომ მექანიკური შეცდომა იყო ექსპერტის დასკვნაში. ვფიქრობ, რომ ექსპერტს საქმისთვის საერთოდ არ გადაუხედავს და ისე მოაწერა ხელი.
ვეთანხმები, მექანიკური შეცდომაა, ანუ – საგანგაშო ბევრი არაფერი, მაგრამ ექსპერტს, რომელიც დაიკითხა, დარწმუნებული ვარ, არც კი წაუკითხავს ექსპერტის დასკვნა და ისე მოაწერა ხელი.
ექსპერტები დღეს არც ადასტურებენ, არც გამორიცხავენ, რომ ამ დანებით იყო მიყენებული ჭრილობები, ან მსგავსი სხვა იარაღით. ეს განმარტებები იმას ნიშნავს ჩემთვის, რომ სხვა იარაღებიც არსებობს და აქედან გამომდინარე, აიცილა ექსპერტმა სრული პასუხისმგებლობა, ზუსტად დაედგინა, რომელ ჭრილობაზე, რომელი იარაღი იყო გამოყენებული“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განმარტებით, ექსპერტმა შეცდომა მექანიკურად დაუშვა.
„11 ეწერა, მაგრამ სხვაგან უნდა ყოფილიყო ნაცვლად თერთმეტისა 13 ჭრილობა. ეს იყო აბსოლუტურად მექანიკური შეცდომა, რაც კვლევით ნაწილში დაფიქსირებული იყო. სამიანის ნაცვლად ეწერა ერთიანი“, – განაცხადა პროკურორმა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.
საქმეზე სასამართლო პროცესი ორშაბათს, 15:00 საათზე განახლდება.