ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დასკვნას 5 სექტემბერს უყრის კენჭს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დასკვნას 5 სექტემბერს უყრის კენჭს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კომისიის სხდომაზე 31 რეკომენდაცია განიხილეს და კენჭისყრის შემდეგ, უკვე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდზე იქნება დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა აღნიშნულ დასკვნას.
„იკვეთება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე პროკურატურაში. ეს იქნა წარმოდგენილი ფაქტებზე დაყრდნობით და, სამწუხაროდ, ამაზე ის პასუხი მივიღეთ, რომ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს, არავინ არ არის არცერთ დარღვევაზე პასუხისმგებელი და მოკლედ, ყველაფერი არის კარგად. სამწუხაროა, რომ კომისიის სხდომაზე ასეთი კუთხით წავიდა დისკუსია, მაგრამ საბოლოოდ, მათი გადასაწყვეტი იქნება, მხარს დაუჭერენ ამ მოხსენებას, თუ დარჩებიან იმ პოზიციაზე, რომელზეც დღეს არიან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები განიხილეს.