ხომალდმა „ჯუნომ“ იუპიტერის მთვარე იოზე ვულკანური ამოფრქვევის კვამლი გადაიღო
იუპიტერის თავზე მე-17 გადაფრენისას, NASA-ს ხომალდმა „ჯუნომ“ გაზის გიგანტი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრ იოზე ვულკანური ამოფრქვევის კვამლი დააფიქსირა. იო ყველაზე აქტიური ვულკანური სხეულია მთელ მზის სისტემაში. „ჯუნო“ მას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აკვირდებოდა, რა დროსაც გადაიღო იოს პოლარული რეგიონები და დააფიქსირა ვულკანის ამოფრქვევა.
„ჯუნოს“ მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, სკოტ ბოლტონის განცხადებით, ხომალდმა მათ ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო, რადგან ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ, რომ იოს ზედაპირზე აქტიურ ვულკანურ ამოფრქვევას იხილავდნენ.
ფოტო „ჯუნომ“ 21 დეკემბერს გადაიღო. სურათზე ჩანს ნახევრად განათებული იო, დღე ღამის საზღვარზე, კი კაშკაშა წერტილი.
მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, კენდის ჰენსენ კოჰარჩეკის განცხადებით, იოს ზედაპირი უკვე ჩრდილით არის მოცული, მაგრამ ვულკანის კვამლი ისეთ სიმაღლეზეა ასული, რომ მზის სინათლეს ირეკლავს, ზუსტად ისე, როგორც დედამიწაზე, როცა მზის ჩასვლის შემდეგ მთის მწვერვალები და ღრუბლები ისევ განათებული რჩება.
მას შემდეგ, რაც იო იუპიტერს ამოეფარა, კიდევ ერთი მთვარის, ევროპას მიერ არეკლილი მზის სინათლე იოსა და მისი ვულკანის კვამლს მაინც ანათებს.
ახალი ფოტოების წყალობით, მეცნიერები კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებენ გაზის გიგანტისა და მისი მთვარეების ურთიერთქმედების შესახებ. ეს ურთიერთქმედება მრავალ ფენომენს განაპირობებს, მათ შორის ვულკანურ აქტივობას იოზე. მისი ვულკანები 1979 წელს NASA-ს ხომალდმა Voyager-მა აღმოაჩინა. იოზე ვულკანების ამოფრქვევას განაპირობებს გრავიტაციული ურთიერთქმედება იუპიტერთან. ამოიფრქვევა SO2 გაზის ქოლგის მსგავსი ჭავლები და ბაზალტური ლავა.
მართალია, ეს ამოფრქვევები დედამიწისათვის შედარებით სუსტია, მაგრამ საკმაოდ მძლავრია იოსათვის, რადგან ამ მთვარის დიამეტრი სულ რაღაც 3500 კილომეტრია.
აღსანიშნავია, რომ იოზე მდებარეობს მზის სისტემაში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი, რომელსაც ქართული მითოლოგიური გმირის პატივსაცემად, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა „ამირანი“ უწოდა.
ხომალდი „ჯუნო“ 2011 წელს გაუშვეს. იუპიტერთან ის 2016 წელს მივიდა და დაიწყო მისია, რომელიც 2021 წელს დასრულდება. ხომალდი იუპიტერს გარს უვლის ყოველ 53 დღეში ერთხელ და გაზის გიგანტს დეტალურად სწავლობს.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.