ხეოფსის პირამიდაში აღმოაჩინეს დერეფანი, რომელიც სავარაუდოდ, ფარაონ ხეოფსის აკლდამას იცავს — #1tvმეცნიერება
ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, მეცნიერებმა ხეოფსის პირამიდის შიგნით ფარული გადასასვლელი აღმოაჩინეს. ეგვიპტის სიძველეთა დაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დერეფნის სიგრძე ცხრა მეტრია, სიგანე კი ორ მეტრზე მეტი.
როგორც ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრმა აჰმედ ისამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიწრო დერეფანი სამკუთხა ჭერით, ხეოფსის პირამიდის ჩრდილოეთ ნაწილში იპოვეს.
აღმოჩენა პროექტ scanpyramyds-ის ფარგლებში გაკეთდა, რომელიც 2015 წელს დაიწყო საფრანგეთის, გერმანიის, კანადისა და იაპონიის მსხვილ უნივერსიტეტებსა და ეგვიპტელ ექსპერტთა ჯგუფების თაოსნობით.
პროექტს ზედამხედველობს ეგვიპტის სიძველეთა ყოფილი მინისტრი, არქეოლოგი ზაჰი ჰავასი. არქეოლოგები იყენებენ მოწინავე ტექნოლოგიას, რომელიც გათხრების გარეშე აკეთებს პირამიდის ფარული ნაწილების ვიზუალიზაციას.
მკვლევართა განცხადებით, ეს მეთოდი არაინვაზიური და არადესტრუქციულია, არ ზიანდება ნაგებობა.
ხეოფსის პირამიდა ყველაზე დიდია გიზაში. დგას 146 მეტრის სიმაღლეზე და ერთადერთი შემორჩენილი სტრუქტურა ძველი მსოფლიოს 7 საოცრებას შორის. ის 4500 წლის წინ აშენდა. აქვს სამი უძველესი პალატა და ეგვიპტის სხვა პირამიდების მსგავსად, ისიც ფარაონის საფლავისთვის იყო განკუთვნილი.
„დიდი შესაძლებლობა არსებობს… გვირაბი რაღაცას იცავს. ჩემი აზრით, იგი ფარაონ ხეოფსის ფაქტობრივ სამარხს იცავს“, — განუცხადა ჟურნალისტებს ზაჰი ჰავასმა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით
ავტორი – მელანო ჭეიშვილი