მართალია, ის მსოფლიოში ყველაზე მომაჯადოებელი და კარგად ნაგები სტრუქტურაა ამ დრომდე, მაგრამ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, გიზის დიდი პირამიდა (იგივე ხოსფსის პირამიდა) სინამდვილეში არარეგულარულია. ამის მიზეზი 4500 წლის წინ, მშენებლების მიერ დაშვებული შეცდომაა.
ამ შეცდომის გამო, პირამიდის დასავლეთ გვერდი ოდნავ გრძელია აღმოსავლეთ გვერდზე და წარმოქმნის საძირკველს, რომელიც უზადოდ კვადრატული არაა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, თითქოს ასე ჩანს.
აღმოჩენა 2016 წელს გაკეთდა, როდესაც აშშ-ის გლენ დაშის კვლევითი ფონდისა და ძველი ეგვიპტის კვლევითი ინსტიტუტის (AERA) მკვლევრები ამ დიდებულ სტრუქტურას სწავლობდნენ, რათა უკეთესად დაედგინათ მისი თავდაპირველი ზომები.
4500 წლის წინ, ფარაონ ხეოფსის მმართველობისას, როდესაც პირამიდები აშენდა, ისინი მოპირკეთებული იყო თეთრი კირქვით. წლების განმავლობაში, კრიქვის საფარველი დაიფშვნა და სტრუქტურა გახდა ისეთი, როგორსაც დღეს ვხედავთ.
„მოსაპირკეთებელი ქვების უმეტესობა საუკუნეების წინ მოაცალეს, სამშენებლო მასალად გამოყენების მიზნით, რის შედეგადაც პირამიდა ისეთი დარჩა, როგორსაც დღეს ვხედავთ — თავდაპირველი საფარველის გარეშე“, — ამბობს გლენ დაში, კვლევითი ფონდის ხელმძღვანელი.
იმის დასადგენად, თუ როგორ გამოიყურებოდა გიზის დიდი პირამიდა მოსაპირკეთებელი ფენის შემოცლამდე, ჯგუფმა გაზომვების ჩატარება დაიწყო —ამოცანა, რომელიც სათქმელად გაცილებით ადილია, ვიდრე შესასრულებლად.
პირველი ნაბიჯი იყო იმ წერტილების პოვნა, სადაც გარე, ანუ მოსაპირკეთებელი ქვები იყო განლაგებული. ამისათვის, ეძებდნენ მონიშვნებს და იკვლევდნენ პირამიდის საძირკველს. ჯგუფმა იპოვა 84 წერტილი, რომელიც თავდაპირველ კიდეებს აღნიშნავდა.
ეს წერტილები სქემაში იმგვარად იყო განთავსებული, რომ მკვლევრებს მოუხდათ ე. წ. ხაზობრივი რეგრესიის მეთოდის გამოყენება, რათა გამოეთვალათ თითოეული გვერდის სიგრძე. დადგინდა, რომ პირამიდის გვერდები ერთ დროს 230.295 – 230.373 მეტრი სიგრძის ყოფილა, მაგრამ დასავლეთ გვერდის სიგრძე 230.378 – 230.436 მეტრებს შორის მერყეობდა, რაც 14,1 სანტიმეტრიან სხვაობას ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ შეცდომა დიდი არაა და მის გამო პირამიდას არც არაფერი ეტყობა, ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ საუკუნეების წინ, ვიღაცამ შეცდომა დაუშვა. თუმცა, ჯგუფი მაინც გაკვირვებულია, თუ როგორ შეძლეს უძველესმა მშენებლებმა თუნდაც ასეთი სრულყოფილების დაცვა.
„მონაცემები აჩვენებს, რომ ეგვიპტელები იმ დროისათვის საკმაოდ გამორჩეულ უნარებს ფლობდნენ. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ როგორ შეძლეს ეგვიპტელებმა მათ ხელთ არსებული ხელსაწყოებით ამ ხაზების ასეთი სიზუსტით გავლება“, — ამბობდ დაში.
მონუმენტების ასაგებად, მშენებლებს პირამიდის დიზაინი დატანებული უნდა ჰქონოდათ ერთგვარ ბადეზე, რომელიც მშენებლობისას მიწაზე უნდა დაედოთ; თუმცა, ჯგუფის თქმით, ზუსტი დეტალების გასარკვევად მეტი კვლევაა საჭირო.
„იმედი გვაქვს, თანდათანობით გავარკვევთ, თუ როგორ ააგეს ეგვიპტელებმა პირამიდა ასეთი სიზუსტით და თუ ამას მოვახერხებთ, უფრო მეტს გავიგებთ მათ მიერ გამოყენებული ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების შესახებ“, — აღნიშნავს დაში.
მოხსენების სრული ვერსიის წაკითხვა შესაძლებელია ამ ბმულზე.
მომზადებულია dashfoundation.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით