ხელვაჩაურში, სოფელ ქვემო ჩიქუნეთში მდებარე ე.წ. „ილიას მარანს“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა [ფოტო]
ხელვაჩაურში, სოფელ ქვემო ჩიქუნეთში მდებარე ე.წ. „ილიას მარანს“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა [ფოტო]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ჩიქუნეთში მდებარე ე.წ. „ილიას მარანს“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მარანი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიქუნეთში, ამირან მალაყმაძის ეზოში. მარანი ორი ნაწილისგან შედგება, ნაშენია ადგილობრივი ქვით, კირით დუღაბზე. კუთხის კიდეები ამოყვანილია მოზრდილი გათლილი ქვით, შიდა პირი კი ფლეთილი ქვითაა გაწყობილი. ორივე შესასვლელის კარი სამხრეთ კედელშია მოწყობილი, სწორკუთხაა და დასრულებულია არქიტრავით.

კარგად იკითხება მარნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლები, დანარჩენი ნაწილი კი მიწით არის დაფარული. მარნის გადახურვა თავდაპირველად ბანური იქნებოდა, ახლა მიწითაა დაფარული და მხოლოდ გეგმის დონეზე იკითხება. შუა საუკუნეებით დათარიღებული მარანი ძლიერ დაზიანებულია, ჩამოქცეულია ქვები, წვიმის დროს ჩამოდის წყალი რის გამოც საკმაოდ დაზიანებულია მზიდი კედლები.

მარნის ორივე მოცულობის საერთო სიგრძე 8 მეტრია, სიგანე 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3,20 მეტრი. კედლის სისქე 0.60 სმ-ია. ინტერიერში ორივე მხარეს ჩრდილოეთ კედელი ოვალური ფორმისაა და ნაგებია ფლეთილი ქვებით კირიდს ხსნარზე. მას დაზიანებების გამო ფუნქცია დაკარგული აქვს.

მარანში, ქვევრების არსებობას ადასტურებს აქ აღმოჩენილი არტეფაქტები, სამწუხაროდ, დღეს ისინი დამტვრეულია, ერთი საკმაოდ მოზრდილი ქვევრი აღმოჩენილია მარანთან ახლოს, ეზოში. მიწის ზემოდან მხოლოდ ქვევრის ზედა პირი იკითხება.

ეზოში, მდებარე ქვევრი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები მსგავსია ჩაისუბნის გორანამოსახლარზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილ არტეფაქტებთან და ასევე, არხავეს ციხის ტერიტორიაზე შეგროვებული ქვევრის ნატეხებთან, რაც გაფიქრებინებს რომ აქ არსებული მასალა საკმაოდ ძველია და დამატებით კვლევასა და არქეოლოგიურ სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს, რაც დაგვეხმარება მარნის ზუსტი დათარიღების დადგენაში.

მარანი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები კულტურული მემკვიდრეოის თვალსაზრისით ღირებულია და იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოფელ ჩიქუნეთში გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, ისტრიული მასალა და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები მის ღირებულებას განსაზღვრავს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.