ხელვაჩაურის საკრებულოში ხმაური იყო. საკრებულოს თავმჯდომარის, თენგიზ ირემაძის გადაწყვეტილებით, მიმდინარე სხდომა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, მამუკა ჯივაიშს დაატოვებინეს. დაცვის სამსახურის მიერ მისი დარბაზიდან გაყვანას ხმაური მოჰყვა.
როგორც მამუკა ჯივაიში ამბობს, უნდოდა, კითხვები დაესვა ხელვაჩაურის მერის ყოფილი მოადგილის, ასევე „ხელვაჩაურის წყლის“ მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რისი საშუალებაც მას არ მისცეს.
„მხოლოდ იმიტომ დამატოვებინეს დარბაზი, რომ კითხვები უნდა დამესვა. მათ არ აინტერესებთ განსხვავებული აზრის მოსმენა“, – განაცხადა ჯივაიშმა.
ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილების მიზეზი ჟურნალისტებთან არ განმარტა.
„დაიკავეთ პრესის ადგილი, არაფერზე გაგცემთ პასუხს. სხდომის მიმდინარეობას უშლიდა ხელს და დავატოვებინე დარბაზი. თუ არ გახვალთ, მივმართავ შესაბამის სამსახურს“, – მიმართა ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ.
ამ დროისთვის საკრებულოში სხდომა კვლავ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.