ხელსაწყო, რომელმაც დედამიწა ასტეროიდთა შეჯახებისგან უნდა დაიცვას, დასრულების ეტაპზეა
დედამიწის ახლომახლოს, კოსმოსში, დაახლოებით 18 000 ისეთი ასტეროიდი დაჰქრის, რომელთა ორბიტაც ხანდახან დედამიწას უახლოვდება.
დედამიწასთან ახლომდებარე ამ ობიექტებიდან (NEO) ზოგიერთის დიამეტრი რამდენიმე მეტრია, ზოგის კი ათობით კილომეტრი. არ არის გამორიცხული, რომ მილიონობით წლის განმავლობაში, ზოგიერთი მათგანი დედამიწას შეეჯახოს.
სწორედ ამ საფრთხის გამო, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და მსოფლიოს სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოები კოორდინირებულად მუშაობენ და გამუდმებით აკვირდებიან დედამიწასთან ახლომდებარე მსხვილ ობიექტებსა და მათ ორბიტებს.
გარდა ამისა, NASA და სხვა კოსმოსური სააგენტოები ავითარებენ ხელსაწყოებს, რომლებმაც ჩვენს პლანეტასთან სახიფათო მანძილზე მოახლოების შემთხვევაში ასეთი ობიექტები უნდა გაანეიტრალოს.
ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია NASA-ს ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტი (DART) — მსოფლიოში პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც სპეციალურად არის დაპროექტებული ჩვენკენ მომავალ ასტეროიდთა მიმართულების შესაცვლელად. ახლახან, ამ ხომალდზე მუშაობა დასასრულ ფაზაში გადავიდა და კოსმოსში ის უახლოეს რამდენიმე წელიწადში გაეშვება.
ასტეროიდთა გადამისამართების ტესტის მისია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიამ (JHUAPL) შექმნა NASA-ს მხარდაჭერით.
მისია გატესტავს კინეტიკური ზემოქმედების ტექნიკას, რომელიც გულისხმობს ასტეროიდზე დარტყმას მისი ორბიტისა და დედამიწისკენ აღებული კურსის შესაცვლელად. შესაბამისად, წარმოჩნდება, გვაქვს თუ არა პოტენციური ასტეროიდებისგან დედამიწის დაცვის უნარი.
მისია DART-ის გაშვება 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში იგეგმება.
როცა კოსმოსს მიაღწევს, DART-ი შეხვდება ორმაგ ასტეროიდ დიდიმეს (ბერძნ. ტყუპი), რომელიც შედგება 800 მ დიამეტრის მქონე დიდიმე A-სა და 161,5 მეტრიან მის ციცქნა მთვარე დიდიმე B-სგან.
ხომალდი DART-ი აღჭურვილია NASA-ს ევოლუციური ქსენონის ძრავით (NEXT-C). ეს გახლავთ მზის ენერგიაზე მომუშავე პროპულსიური სისტემა, რომელსაც ასევე იყენებდა ასტეროიდთა სარტყელში გაგზავნილი ხომალდი Dawn-ი.
კოსმოსში გაშვების შემდეგ, დედამიწის გრავიტაციისგან გასაქცევად, DART-ი მთვარის ორბიტაზე იმოძრავებს, შემდეგ კი მოწყდება და დიდიმესაკენ გაეშურება. დიდიმე B-ს ის 2022 წლის ოქტომბერში მიაღწევს, როცა ასტეროიდთა ეს სისტემა დედამიწისგან 11 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული.
ამ მანძილიდან, დედამიწაზე განთავსებული ტელესკოპები და რადარები დააკვირდებიან და გაზომავენ მისი მოძრაობის სიჩქარეს.
ბორტზე არსებული სამიზნე სისტემის გამოყენებით, DART-ი დიდიმე B-ს 5,95 კმ/წმ სიჩქარით პატარა სხეულს ესვრის. ამის შემდეგ, თავად ხომალდი და დედამიწის ობსერვატორიები შეამოწმებენ, შეიცვალა თუ არა კურსი ასტეროიდმა.
ამ ტესტის საშუალებით, მეცნიერები შეამოწმებენ, არის თუ არა ეფექტიანი კინეტიკური ზემოქმედების ტექნიკა ასტეროიდთა წინააღმდეგ. როცა საკითხი პლანეტარულ თავდაცვას ეხება, ყველაზე მნიშვნელოვან ხელსაწყოდ მაინც საშიშ ობიექტთა თვალთვალის სისტემა ითვლება, რომელმაც დედამიწასთან მათი მოახლოებისას, დროულად უნდა ატეხოს განგაში.
მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.